საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს და ისრაელის პირველი ლედებიც დაესწრნენ.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი და რუვენ რივლინი, ერთმანეთს პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრისას სახელმწიფოებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირების გაძლიერების გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნას, ხელის შეუწყოს ამ თანამშრომლობას და გააღრმავოს იგი.

პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისათვის კონკრეტული გეგმები დაისახა.

სახელმწიფოს მეთაურის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო განიხილავს ისრაელს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ტერორიზმის ყოველგვარი გამოხატულება.

დელეგაციების შეხვედრის პარალელურად, ისრაელის პირველმა ლედიმ ნეჩამა რივლინიმ საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
შემდეგი სტატია,,შეშფოთებული ვართ ამ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აკეთებს”