საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე მუშაობა დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მოხსენება შეეხება საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს თემებს.
“პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მომზადება, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება, დასრულდა. მოხსენებაში განხილულ იქნება საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან, ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე თავდაცვისა და შეირაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური თემები, ინსტიტუციური თემატიკა – ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმის და სხვა საკითხები”-აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
მისივე თქმით, მოხსენებასთან დაკავშირებული ძირითადი თემები გარკვეულწილად გაიარეს სამოქალაქო სექტორის, საექსპერტო და შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან.
“აქედან გამომდინარე, 31 მარტს, 13:00 საათზე, პრეზიდენტი წარდგება პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიაუდიტორული კომპანია “კონსალტინგ ჯორჯიას” დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიადონეცკის ადმინისტრაციის შენობა საძირკვლიანად უნდა აგვეფეთქებინა – აცხადებს უკრაინის შსს მინისტრი