საქართველოს პატრიარქი და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ერთობლივ წირვას აღავლენენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი ტიხონი ერთობლივ წირვას სამების ტაძარში აღავლენენ.
საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი ტიხონი გუშინ მიიღო. შეხვედრას ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან ერთად, დელეგაციისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები ესწრებოდნენ.
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საქართველოს პატრიარქს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი ეკლესიის ურთიერთობა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების და ხალხებს შორის ურთიერთობას.
“ჩვენ ძალიან დიდი სიყვარულით მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ვფიქრობთ, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებაში”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მიტროპოლიტმა ტიხონმა გაიხსენა გასულ წელს მოსკოვში პატრიარქის ვიზიტის დროს მათი ერთობლივი მსახურება და ასევე 1998 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. კერძოდ, წმინდა ტიხონის სახელობის მონასტერში, სადაც იმ პერიოდში მიტროპოლიტი მსახურებდა.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენი დელეგაცია ესტუმრა ამ უძველეს ეკლესიასა და ქვეყანას. აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებს თქვენს მხარდაჭერას და თქვენს ლოცვას. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ თქვენი ეკლესია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ცნო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩვენ წინაშე მაგალითად არის უამრავი ქართველი მოწამე, რომლებმაც რწმენისათვის თავი დადეს. მადლობა თქვენო უწმინდესობავ მასპინძლობისა და ლოცვისათვის”, – აღნიშნა ამერიკის ეკლესიის წინამძღვარმა.
მიტროპოლიტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში შემდეგში უფრო დიდი ხნით ჩამოვა.
სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი ტიხონი თბილისს გუშინ ესტუმრა და 27 აპრილამდე დარჩება. მიტროპოლიტი საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს მოილოცავს.

banner
წინა სტატიაშინეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 ათასამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიანეპალში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა