საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

parlamenti

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს.

ძირითადი პრინციპები, რომელთაც არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსი ეყრდნობა, შემდეგია:

  • არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა;
  • ნასამართლობის გაქარწყლება;
  • ინდივიდუალური მიდგომა;
  • პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
  • მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა;
  • პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები;
  • პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა;
  • თანაზომიერება და შესაბამისობა.

 

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია, მისცეს მოზარდებს სპეციალური, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და განსაკუთრებული მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ამგვარი სპეციალური კოდექსი არასრულწლოვანთათვის საქართველოს კანონმდებლობისათვის სრულიად ახალი ინსტიტუტია და თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისათვის არამარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ პროექტს წარმოადგენს.

სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. არასრულწლოვნებთან მიმართებაში ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი.

განრიდების გამოყენება შესაძლებელი იქნება  საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგაც − სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განრიდების გამოყენების მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დაუბრუნოს  პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.

 

ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა. ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული.

ამდენად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი. კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებას 18-21 წლის პირებზეც.

კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მუშაობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

 

კოდექსის ამოქმედება დაგეგმილია 2016 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, იმ მუხლების ამოქმედება, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო,  იგეგმება 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან.

banner
წინა სტატიაშიგერმანელმა პოლიციელებმა ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს
შემდეგი სტატიატრაგედია ბაქოში ევროპულ თამაშებზე (VIDEO)