,,საქართველოს მთავრობამ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის ბრწყინვალედ იმუშავა”

wulukiani  litvaსაქართველოს იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის დედაქალაქში დღეს მაღალი დონის შეხვედრებით დაიწყო. იუსტიციის მინისტი ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკიავიჩუსს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბუტკიავიჩუსმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია.
“ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რაც, დარწმუნებული ვარ, ასე მოკლე დროში მარტივი სულაც არ ყოფილა” – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ლიტვა საქართველოს განუხრელად უჭერს მხარს ევროინტეგრაციის პროცესში და ქართველ ხალხს ამ გზაზე ყოველთვის უნდა ჰქონდეს ლიტველი ხალხის იმედი. მანვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობა და მუშაობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით.
თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ლიტვის-პრემიერ მინისტრს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ისეთი მეგობარი, როგორიც ბალტიის ქვეყნები და, მათ შორის, ლიტვაა, განსაკუთრებით ძვირაფასი და მნიშვნელოვანია.
“ჩვენ ურთულეს რეგიონში ვცხოვრობთ. ოკუპაცია არის ის ფასი, რასაც ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანისთვის ვიხდით. ამ რთულ გზაზე უკან დასახევი ჩვენ არ გვაქვს და ყველა მეგობარი განსაკუთრებით ძვირფასია, ვინც გვეხმარება ვიაროთ წინ. ლიტვას ამ მეგობრებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპისგან კონკრეტული პასუხი მიიღოს იმ დაუღალავი ბრძოლისთვის, რაც მთავრობას თითოეულ მოქალაქესთან ერთად, ევროინტეგრაციის გზაზე ყოველდღიურად აქვს” , – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ასევე არაღიარების პოლიტიკაში ლიტვის მხარდაჭერას.
“ჩვენ არ ვართ ბირთვული სახელმწიფო, ერთადერთი, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ გაგვაჩნია, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და თავისუფალი საზოგადოებაა” , – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დეკემბერში ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში წინსვლის დაფიქსირება.
იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში დღეს დაიწყო. თეა წულუკიანი პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება.

banner
წინა სტატიაშიობამა 9 მილიონ ემიგრანტს მოქალაქეობას მისცემს
შემდეგი სტატია,,ვინც ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებული ნორმა მას ეხება, უნდა მიმართოს შესაბამის სასამართლოს”