საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურორთა კონფერენციას გამართავს. როგორც “თაიმერს” უწყებიდან აცნობეს , კონფერენცია 19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, “ჰუალინგი თბილისის” ზღვის ახალ ქალაქში, სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის” საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა.
“საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე – მთავარი პროკურორი მოიწვევს საქართველოს პროკურატურის კონფერენციას – პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლობების მხარდაჭერით ტარდება.
2015 წლის 28 სექტემბრიდან ძალაში შევიდა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი.
პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.
ამავე კანონის მე-81 მუხლის თანახმად საპროკურორო საბჭოს 8 წევრს, რომელთა ¼ უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით;

• 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;
• 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
• 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
• 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.
• საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით;
საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე განმარტებით, კონფერენცია ღიაა და მასზე დასწრების უფლებით დაიშვებიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის აკრედიტირებული წარმომადგენლები, რომლებმაც კონფერენციის ჩატარებამდე, აკრედიტაციის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოს მთავარ პროკურატურას 16 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ცხინვალის რეგიონიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ომში ერთადერთი დამნაშავე რუსეთია, მან დაიწყო ომი