საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 11 ქალაქში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში გახსნილ საქართველოში ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს დააკვირდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი. მათ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.
9:00 საათზე მინისტრმა და ცენტრის დირექტორმა პირველი განცხადებები გააკეთეს. თამარ სანიკიძის თქმით, გამოცდებისთვის შექმნილმა საგანგებო შტაბმა კარგად იმუშავა, რისი შედეგიც არის ის, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში სიმშვიდე და უსაფრთხო გარემოა უზრუნველყოფილი. მინისტრმა აბიტურიენტებს შეახსენა, რომ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 21 საგანმანათლებლო პროგრამა და მილენიუმის კორპორაციის ფარგლებში სან დიეგოსა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი ელოდებათ.
მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი 19-ვე საგამოცდო ცენტრში ზუსტად 09.00 საათზე დასრულდა. 9:00 საათზე დაიწყო საგამოცდო დროის ათვლა. აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტისთვის განკუთვნილი აქვთ 4 საათი. მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. დღეს ტესტირებას 20 000-მდე აბიტურიენტი გაივლის. ამავე რაოდენობის აბიტურიენტი გამოცხადდება ხვალაც. მაია მიმინოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წელს წინა წლებთან შედარებით უკეთესი შედეგი იქნება.
6 ივლისიდან აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში ჩააბარებენ. საგამოცდო პროცესი საქართველოს მასშტაბით 22 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ჩემი მთავრობა ერთსქესიანთა დაქორწინებას არ დაუშვებს
შემდეგი სტატიასამგორის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება