საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან ნატო-ს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა 2016 წელს დაგეგმილი ნატო-ს ვარშავის სამიტი იყო.

საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს-თავდაცვის მინისტრი ალიანსის ლიდერებთან და პარტნიორებთან შეხვედრებს სწორედ ამ დღის წესრიგით იწყებს.

„ვარშავის სამიტი, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე დღეიდან მომავალი წლის 9 ივლისამდე ნებისმიერ ჩემს შეხვედრაზე იქნება საუბრის მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია – ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატო-სთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაზე.

როგორც თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა,გადაწყვეტილება ცენტრის ადგილმდებარეობაზე უკვე მიღებულია და ქართული მხარე საბოლოო პასუხს ალიანსისგან ელოდება:

„დღეს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ მათ პასუხს ველოდებით რათა რეალურად უკვე დაიწყოს სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში ამ წლის განმავლობაში ჩამოვა და სიმბოლურად შეიძლება სწორედ ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა. ვინაიდან თარიღი არ ვიცით, ეს ჯერჯერობით გეგმაა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა
შემდეგი სტატიასად დაობდა „ვირების საქმე“ და მზადდება თუ არა შაურმა ვირის ხორცისაგან?! ვირმა თქვა სერზე ვზივარ ველოდები განაჩენსო