საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნებას იწყებს

დღეიდან ეროვნული ბანკი ლარის შემოსავლიანობის, ინდიკატორული მრუდის რეგულარულ გამოქვეყნებას იწყებს.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მრუდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ექსპერტების დახმარებით, EBRD-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდა.
შემოსავლიანობის მრუდი ფინანსური ბაზრის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ის აჩვენებს ურისკო საპროცენტო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის. ფინანსური ბაზრის მონაწილეებს მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ინდიკატორული მაჩვენებელი, ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისა და პროგნოზირებისათვის პირველად თუ მეორად ბაზარზე. შესაბამისად, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და მისი მიმზიდველობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
შემოსავლიანობის მრუდი ემიტენტებს და ინვესტორებს გაუადვილებს საორიენტაციო საბაზრო ფასის დადგენას ახალ ემისიებსა და ბაზარზე არსებულ ნებისმიერი ვადიანობის მქონე ფასიან ქაღალდზე, როგორც ურისკო ასევე კორპორატიული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. შემოსავლიანობის მრუდი ასახავს ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის სამომავლო დინამიკის შესახებ, შესაბამისად, იგი ანალიტიკოსებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.
ლარის შემოსავლიანობის მრუდი ათ წლამდე პერიოდს მოიცავს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არის ურისკო და ყველაზე ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტი ქვეყანაში. მთავრობის ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონები იმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით. კალენდარი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე. აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, როგორც რეზიდენტს ისე არარეზიდენტს.
მთავრობის ფასიანი ქაღალდების შეძენა შესაძლებელია კომერციული ბანკების ან ფასიანი ქაღალდების შემნახველი გლობალური ბანკების მეშვეობით. მომსახურების პირობები და მეორად ბაზარზე ყიდვა გაყიდვის ფასები გამოქვეყნებულია წამყვანი კომერციული ბანკების ვებგვერდებზე.
ლარის შემოსავლიანობის მრუდი ოთხშაბათობით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის დასრულების შემდეგ 15:00 საათზე განახლდება. არსებული ისტორიული მონაცემთა ბაზა მოიცავს ყოველკვირეულ მონაცემებს 2013 წლიდან. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის მრუდების შედარება ერთმანეთთან და მონაცემების ჩამოტვირთვა ექსელის ფორმატში.
შემოსავლიანობის მრუდი განთავსებულია ეროვნული ბანკი ვებგვერდზე მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=643 და აგრეთვე აქვს საკუთარი გვერდი რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სხვა სუბიექტებს საკუთარ ვებგვერდზე შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნების მიზნით https://gel-yield-curve.nbg.gov.ge/

 

banner
წინა სტატიაში,,ოსი და აფხაზი მოქალაქეებისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს ლეგიტიმაცია შეუსუსტდათ”
შემდეგი სტატია,,ქიბარი გაიქცა, რუსთავი 2 თავისუფალია ფოტო აეროპორტიდან”