საქართველოსათვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის აქტს ხელი მოეწერა

დღეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისის მიერ სპეციალურად საქართველოსათვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის აქტს ხელი მოეწერა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ვლადიმერ გურგენიძე და გიგი გიგიაძე, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მისიის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილ, ასევე, ჩეხეთის და პოლონეთის ელჩები საქართველოში.

აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა სამი ძირითადი მიმართულებით.

საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.geoconsul.gov.ge ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად დააყენონ განაცხადი საკონსულო მომსახურების მიღების მიზნით, რაც მათ საშუალებას აძლევს ელექტრონულად წარადგინონ მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტები, რომელთა განხილვაც მოხდება წინასწარ. ვებ-გვერდზე შესაძლებელია სრული ინფორმაციის მოძიება საკონსულო მომსახურებებზე და მათი მიღების პროცედურებზე, რაც ხაზს უსვამს საკონსულო მომსახურების პროცესის სრულ გამჭირვალობას.

პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა საკონსულო ფუნქციების განსახორციელებლად, რომლის მეშვეობითაც ყველა საკონსულო ფუნქცია ხორციელდება ელექტრონულ ფორმატში.

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ფარგლებში ამოქმედდა რეადმისიის საქმეების მართვის სისტემა, რაც არის სრულიად ახალი და უპრეცედენტო მიდგომა რეადმისიის პროცესისადმი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად, სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოთ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ და ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმებების წარმატებულ იმპლემენტაციას მიიჩნევს. რეადმისიის ელექტრონული სისტემაც ამ მიზანს ემსახურება. მასში ჩართულია საქართველოს საგარეო, შინაგან და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები. ასევე პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთის, საბერძნეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიგრაციის სამსახურები. უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვებიან იტალია, ირლანდია და ჩეხეთი.

banner
წინა სტატიაშირით არის გაოცებული ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში
შემდეგი სტატიათბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა