საფრანგეთის ხელისუფლება პარიზის დაცვას აძლიერებს

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დედაქლაქში დამატებით 500 ჯარისკაცის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც პარიზში და მის შემოგარენში წესრიგს უზრუნველყოფენ.

“10 იანვარს დამატებით 250 სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული ილ დე ფრანსის რეგიონში. დღეისთვის პარიზის რეგიონში 1100 ჯარისკაცის შემადგენლობის ჯგუფია მობილიზებული, რათა გუშინ მძევლების აყვანის შემდეგ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს”, – ნათქვამია საფრანგეთის გენშტაბის განცხადებაში.

სამხედრო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ კვირას, პარიზში დაგეგმილი “სოლიდარობის მარშისთვის” ჯარისკაცთა რაოდენობა კიდევ 250-ით გაიზრდება და სულ პარიზში უსაფრთხოების დაცვა 1350 სამხედრო მოსამსახურეს დაევალება.

“სხვა დიდი ქალაების გათვალისწინებით, კვირას საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით 1900 ჯარისკაცი იქნება მობილიზებული”, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

11 იანვარს პარიზში ერთიანობის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართება, რომელშიც ევროპის ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. აქციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

7 იანვარს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. სროლების შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის მთავარი რედაქტორი, რამდენიმე კარიკატურისტი და ორი პოლიციელი გარდაიცვალა, 11 კი დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები სტამბაზე შტურმის შედეგად მოკლეს, სადაც მათ მძევალი ჰყავდათ აყვანილი, კიდევ ერთი თავდასხმელი კი პოლიციას ჩაბარდა.

9 იანვარს ამედი კულიბალი პარიზში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძმებ კუაშების მხარდაჭერის მიზნით შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად ისიც მოკლეს, მასთან ერთად მყოფმა ქალმა კი გაქცევა მოახერხა. შტურმის დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშინიგერიაში 10 წლის თვითმკვლელმა გოგონამ 19 ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიაგორბაჩოვი ატომური ომის საფრთხეს ხედავს