„სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-7 დაწესებულება უნდა გაუქმდეს“

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რიგით მე-13 საჯარო დებატებზე წლიურ ანგარიშში ასახულ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ, შესაძლო არასათანადო მოქმედებაზე რეაგირება არ ხდება.

„აღსანიშნავია, პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება, რაც უფრო ხშირად დასავლეთ საქართველოში ხდებოდა. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვალების ფაქტმა გასულ წელს 27 შემთხვევა შეადგინა. რაც შეეხება დაწესებულებებში არსებულ პირობებს, ის ზოგადად გაუმჯობესებულია, თუმცა გამონაკლისია მე-7 დაწესებულება, სადაც გაუსაძლისი პირობებია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაწესებულება უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა აქვე გახმაურებულ საქმეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია, რაც ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ წლიური ანგარიში 900 გვერდს შეადგენს და საკმაოდ მოცულობითია. მისი განმარტებით, გაიზარდა სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვიანობა და ამ დროისთვის 7 ათასამდე მასთან განცხადებაა შესული.

„მიმართვიანობის გაზრდა განაპირობა იმან, რომ გარემო თავისუფალია და ინსტიტუტის მიმართ არსებობს ნდობა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დავიწყეთ ისეთ საქმეებზე მუშაობა, რომლებზეც სახალხო დამცველის აპარატი წინა წლებში არ მუშაობდა“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის საჯარო დებატები „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს. დებატების ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია
შემდეგი სტატია“მთავრობასა და პრეზიდენტს შორის იწილო-ბიწილო არასერიოზულია,” – დემურ გიორხელიძე