,,სასწორზე არ არის რომელიღაც კერძო კომპანიის ინტერესი, სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა-არარსებობაა”

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას “რუსთავი 2” ხუთი დღის ვადაში გაასაჩივრებს. როგორც “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ამტკიცებს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმე არის მკვეთრად პოლიტიზებული.
“ეს განჩინება მეტად საინტერესოა და ამტკიცებს აბსოლუტურად ყველა ეჭვს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვქონდა, პირველ რიგში იმას, რომ ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზებული და არავითარი კავშირი საკუთრების უფლებასთან და დაღვეული უფლების აღდგენასთან მას არ აქვს. განჩინების თანახმად, ყადაღა დაედო “რუსთავი 2”-ის მთელ ქონებას, მათ შორის სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე შენობას, მიწის ნაკვეთს და ა.შ. ნამდვილად ცინიკურია ეს, რადგან ეს ის ქონებაა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დროს. ეს არის ბოლო 3 წლის განმავლობაში შეძენილი “რუსთავი 2”-ის მიერ და ასევე ქონება კაპიტალის სახით შემოიტანა ახალმა დამფუძნებელმა, შპს “ტელეკომპაია საქართველომ”, რომელმაც გააორმაგა “რუსთავი2″-ის კაპიტალი. ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს შემიძლია გითხრათ, რომ მის მიერ ჩვენი კომპანია გამდიდრდა ნახევარ მილიონი ლარით, ეს არის რამდენიმე გადამცემი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მაშინ და ახლა პრაქტიკულად სრულიად უსარგებლოა, რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, ყადაღაზე უფრო მძიმეა – როგორც მოგეხსენებათ, ახალ სარეკლამო პირობებში ძალიან გართულებულია ფულის მოძრაობა, ძალიან შემცირდა სარეკლამო ბაზარი, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა საფინანსო ინსტიტუციებთან ურთიერთობამ. პირველ რიგში ბანკებთან, ასევე, კერძო პირებთან, რომლებთანაც შეიძლება სესხის აღება. ამ განჩინების თანახმად, რომელიც გამოიტანა მოსამართლე ურთხმელიძემ, ჩვენ აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა საბანკო ინსტიტუციებთან, ვერ ავიღებთ სახელმწიფო ვალს, ვერც კრედიტს, ასევე, აკრძალული გვაქვს ნებისმიერი რამის ყიდვა უცოხელი პარტნიორისგან”, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, ტელეკომპაია “რუსთავი2” 5 დღის ვადაში ამ განჩინებას გააასაჩივრებს. “პირველ რიგში ჩვენ ვითხოვთ, რომ მოსამართლე ურთმელიძე არ იყოს განმხილველი ამ საჩივრის, მეორე საჩივარი იყოს განხილული ზეპირი მოსმენით, რადგან საზოგადოებრივი ინტერესია. მესამე, განხილვა მოეწყოს არა ერთი, არამედ სამი მოსამართლის მონაწილეობით, რადგან ამის დისკრეციაც არსებობს. რადგან ერთი მოსამართლე არის ძალიან მოწყვლადი, ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ვარაუდებიც არსებობს, რომ მთელი ხელისუფლება ჩაფლულია სასამართლოზე ზეწოლაში. შევახსენებ სასამართლო ხელისუფლებას და ყველა მოსამართლეს ვაფრთხილებ, სასწორზე არ არის რომელიღაც კერძო კომპანიის ინტერესი, სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა-არარსებობა. მიიღეთ გადაწყვეტილება კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და პატივი ეცით მედიის და სიტყვის თავისუფლებას. “რუსთავი2″ ვერ დაიხურება, ჩვენ არ გავჩერდებით, ასეთი მოქმედებებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა არის უპერსპექტივო”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწოფოს ბოევიკებმა სირიაში ათობით ქრისტიანები მძევლად აიყვანეს