სასმელი წყლის გამოყენებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა მოსახლეობას

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, წყალმა იდინოს 2-3 წუთის განმავლობაში, დაყოვნდეს სუფთა ჭურჭელში, რის შემდეგაც გამოიყენონ სასმელად.

სააგენტო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში.

გაწეული სამუშაოების შესახებ სააგენტომ დღეს განცხადება გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” (GWP) ერთობლივად და მისი კვლევის პარალელურად ხორციელდება სასმელი წყლის 48 სინჯის ლაბორატორიული კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

“კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყნეთის ქუჩაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კოსტავას ქუჩასა და ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
სინჯები აღებულია ასევე სვანიძის, ატენის, გაბაშვილის, გედევანიშვილის, დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩებიდან.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ.
წყლის ნიმუშის აღება გრძელდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პრევენციის მიზნით ახორციელებს ორმაგ დაქლორვას. ორმაგი ქლორირება ნებადართულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №62 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის წესების” შესაბამისად.

banner
წინა სტატიაში„ამიტომაც იყო გაფრთხილება, პირველივე დღიდან, რომ წყალთან ყოფილიყვნენ ფრთხილად დაზიანებულ უბნებში,” – პაატა იმნაძე
შემდეგი სტატია“ვიმედოვნებთ, “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” ძალიან სწრაფად შეასრულებს ვალდებულებას,“ – დიმიტრი ქუმსიშვილი