სასამართლო კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო ბრალდებულების – კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“კობა ხარშილაძეს, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსს და მიხეილ ძაძამიას, როგორც დაცვის ცვლის უფროსს, ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სხდომაზე, წილისყრის საფუძველზე, არჩეულ იქნა უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც ხელმძღვანელობს თათბირის პროცედურას, სხვა მსაჯულებთან ერთად აწერს ხელს და სხდომაზე აცხადებს ვერდიქტს. დღესვე, მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის უფლება-მოვალეობას.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელა (ნაფიცი მსაჯულების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ ესწრებოდნენ ამ ეტაპს). მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე შეიზღუდა ვიდეო გადაღება და ვინაიდან შუამდგომლობის განხილვისას გაცხადდებოდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შემცველი დეტალები, სასამართლომ სხდომა შუამდგომლობის განხილვის ნაწილში დახურა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ.
მომდევნო სხდომა 2015 წლის 14 ივლისს, 11:00 გაიმართება”, -ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ძაძამია: ჩემი იქ არყოფნა განპირობებული იყო ზურაბ ჟვანიას დაჟინებული თხოვნით
შემდეგი სტატიაბრალდების მხარე ხარშილაძისა და ძაძამიას დღევანდელ ჩვენებას დანაშაულის აღიარებად აფასებს