“სასამართლო აკრძალვამ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა”

შპს „რუსთავის ფოლადის“ მენეჯმენტის ცნობით, დღეს შპს „რუსთავის ფოლადი“ იძულებული გახდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 360 ადამიანი უვადო აუნაზღაურებად შვებულებაში გაეშვა.

„რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის ნუგზარ კაჩუხაშვილის განცხადებით, მენეჯმენტის ეს უმძიმესი გადაწყვეტილება 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის მიერ „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ გამოტანილმა უსაფუძვლო, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

კერძოდ, მოსამართლე ქოჩიაშვილმა აკრძალა „რუსთავის ფოლადის“ ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება, მათ შორის წიდასაყარის, რომელზე წვდომის გარეშეც მეტალურგიული ქარხნის მუშაობა უკიდურესად იზღუდება.

ამ გადაწყვეტილების მიღების (ფორმალურ) საფუძვლად ქოჩიაშვილმა ვინმე ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნა დაასახელა, რომელსაც 4 553 ლარი და 48 თეთრი აქვს მისაღები 2019 წელს სს „ქართული ფოლადისგან“. ამავე მოტივით ქოჩიაშვილმა ბათილად ცნო შპს„რუსთავის ფოლადის“ მიერ ს.ს. „ქართული ფოლადისგან“ მეტალურგიული ქარხნის შეძენის ხელშეკრულებები.

„ჩვენ გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას ჩვენი კანონიერი ინტერესების უხეში უგულებელყოფის გამო. მოსამართლე ქოჩიაშვილის მიერ ბათილად ცნობილი ხელშეკრულებების კანონიერება ერთხელ უკვე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ორი გადაწყვეტილებით.

საგულისხმოა, რომ მაშინაც, პირველი ინსტანციის მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებები შპს „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, უსაფუძვლობის გამო.

ფაქტობრივად, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქოჩიაშვილი თავისი გადაწყვეტილებებით უზენაესი სასამართლოს კოლეგიას უპირისპირდება და უზენაესი სასამართლოს მიერ კანონიერად აღიარებულ ხელშეკრულებებს ხელმეორედ ბათილად აცხადებს. ამავდროულად, 4553 ლარისა და 48 თეთრის საკრედიტო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით კრაძალავს მთელი უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება-განკარგვას და ამით ფაქტობრივად აჩერებს ქარხნის მუშაობას.

მოსამართლე ქოჩიაშვილმა უარი თქვა ჩვენს შუამდგომლობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოთხოვნილი საკრედიტო ვალდებულების (ოთხი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) მოცულობის თანხის სასამართლოს ანგარიშზე დეპონირებას ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელ აქტივებზე შეზღუდვების ნაცვლად. ამით ეთერ მთვრალაშვილის ვითომდა იურიდიული ინტერესი სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი. ამ ადეკვატური შუამდგომლობის დაკმაყოფილების ნაცვლად, ქოჩიაშვილმა შეზღუდა ათეულობით მილიონის ქონება და პრაქტიკულად გააჩერა და დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა ქარხანა სადაც 2500–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

მენეჯმენტის სახელით ვაცხადებ, რომ გამოვიყენებთ ყველა სამართებლივ საშუალებას, რათა დავიცვათ შპს „რუსთავის ფოლადის“ კანონიერი უფლებები და ინტერესები“, – განაცხადა ნუგზარ კაჩუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონი აშშ-ს პრეზიდენტობისათვის ბრძოლას იწყებს