სარკე წარმოიქმნა, შესუსტებული ადგილიდან მეწყერი დაიძრა…

სარკე წარმოიქმნა, შესუსტებული ადგილიდან მეწყერი დაიძრა...

სარკე წარმოიქმნა, შესუსტებული ადგილიდან მეწყერი დაიძრა...საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტების ჯგუფი იწყებს წყნეთი-ახალდაბის მონაკვვეთის, უფრო სწორად ვერეს ხეობის დღევანდელი მდგომარეობის შესწავლას. ხვალ, 24 ივნისს სპეციალისტები მეწყერის წარმოქმნის ადგილს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ.
„თაიმერმა“ ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსთან, პროფესორ ნოდარ ფოფორაძესთან:
_ კატასტროფას, რომელიც მოხდა, ვერავინ აიცილებდა, ხოლო იმისათვის რომ გაირკვეს რა და როგორ მოხდა, რისი აცილება შეიძლებოდა და სადაა პრობლემა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა პროფესორ-მეცნიერთა შეხვედრა. ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად სპეციალისტების დასკვნა ჯერ არ არის და ეს ბუნებრივია, აქ კომპლექსური გამოკვლევაა საჭირო, ამიტომ მე დღეს ზოგად სურათზე ვისაუბრებ. ამ მოვლენის მთავარი მიზეზი იყო 13-14 ივნისს მოსული დიდი რაოდენობის ნალექი, რომელსაც წინ უძღოდა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ინტენსიური წვიმა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ნიადაგის, განსაკუთრებით ზედაპირული დანალექი ქანების გაჯეჯვება. აქ ისეთი ქანებია, რომელიც საკმაოდ ადვილად იზრდება მოცულობაში, ეს იწვევს ქანების დეგრადირებას. სწორედ, გარკვეული წინა პროცესები და იქ არსებული მოვლენები გახდა მიზეზი იმისა რომ წარმოიქმნა მეწყერი. წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყრის ჩამოწოლა გამოწვეულია უხვი ნალექის და იქ არსებული ქანების ლითონოლოგიური შედგენილობით.
_ 14 ივნისის ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე დაიტბორა ძაღლების თავშესაფარი, არის მოსაზრება, რომ სწორედ მაშინ ხელისუფლებას ზომები რომ მიეღო 14-ში ის შედეგი არ დადგებოდა რაც დადგა.
_ ბუნებრივი მოვლენის, მომხდარი კატასტროფის მოცულობის მიხედვით გამორიცხულია რაიმე ღონისძიება ჩატარებულიყო. თუ გვირაბი გასაწმენდი იყო, მისი გაწმენდა ზალიან მცირე მოცულობით იმოქმედებდა.
_ წყლის დონე რამდენით შეიძლება დაწეულიყო?
_ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აქ წყალთან ერთად მოდიოდა როგორც ღორღი, ასევე ხეები, ბუჩქების დიდი რაოდენობა. იმის თქმა რომ გვირაბის გაწმენდა თავიდან აგვაცილებდა ტრაგედიას, გამორიცხულია. გვირაბი აუცილებლად ჩაიხერგებოდა, იმ რაოდენობით მასალა რაც ჩამოტანილი იყო და რაც თვალით ვნახე, არის ძალიან დიდი რაოდენობა. ვერეს ხეობას ძალიან დიდი შემკრები აუზი აქვს, ყველა პატარა შენაკადიც კი დიდი რაოდენობის ქვას და ხეს ჩამოიტანდა. როგორც ჩანს მხოლოდ მეწყერმა არ ჩამოიტანა მცენარეული საფარი, არამედ მთელმა შემკრებმა აუზმა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ დიდი ტერიტორიის ფარგლებშია განთავსებული. ერთადერთი რაც შესაძლებელი იყო ესაა მოსახლეობის გაფრთხილება, მსხვერპლის რაოდენობა მინიმალური იქნებოდა.
_ ეს არის უყურადღებობისა და არაპროფესიონალიზმის ბრალი.
_ ეს სხვა დარგის სპეციალისტების შესაფასებელია.
_ არის ვერსია რომ სადაც მეწყერი მოწყდა იქ ტყის საფარი ვერ დაამაგრებდა მიწას, იმიტომ რომ ხეები დაავადებულია და ფესვებიც სათანადოდ ასე ვთქვათ უვარგისი.
_ წლების განმავლობაში რათქმა უნდა იცეხებოდა ტყე და ამის გამო ნიადაგის ზედაპირი რათქმა უნდა დეგრადირებული იყო, მაგრამ იმ ტერიტორიაზე სადაც მეწყერი მოწყდა, შედარებით კარგადაა განაშენიანება. მეწყრის მთავარი მიზეზი მცენარეობის არარსებობა არაა, აქ მთავარია დიდი რაოდენობის ნალექი. იქ არის ისეთი ქანები რომელთა შორის ადვილად მოხდა წყლის ჩადინება, ამ ქანების დაქანება არის ფერდობების მიმართულებით, ფაქტიოურად ეს სარკე წარმოიქმნა შესუსტებულ ადგილზე და მეწყერი დაიძრა.

სარკე წარმოიქმნა, შესუსტებული ადგილიდან მეწყერი დაიძრა...
_ სტიქიას რომ ვერავინ შეაჩერებს ეს სადავიო არაა, მაგრამ…
_ თავის დროზე წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით თუ ბურღვა-აფეთქებით ხდებოდა გზების გაყვანა, რათქმა უნდა ეს სამუშაოები გარკვეულ წინაპირობას შექმნიდა, დააზიანებდა ქანებს. ეს გზა ფაქტიურად ახლა ცაშლილია და დასადგენია რა დონის სამუშაოები იყო ჩატარებული გზის გაყვანის შემდეგ. ქანები იქ ისეთი მიმართულებითაა დაქანებული, გზის გაჭრით ფაქტიურად შეიქმნებოდა მეწყრის წარმოქმნის საშიშიშროება. შედეგი სახეზეა.
_ ვთქვათ მეწყერი არ წამოსულიყო.
_ მეწყერი რომ არ ყოფილიყო ეს კატასტროფა მაინც მოხდებოდა, მაგრამ გაცილებით ნაკლები მასშტაბით. წყალი ძალიან დიდი მოცულობისა წამოვიდა და ვერეს ხეობას, როგორც უკვე ვთქვი დიდი შემკრები აუზი აქვს. წყალი მაინც დაგუბდებოდა და დიდი რაოდენობის ქვა, ხე მაინც წამოვიდოდა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილის განცხადებით, 13 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს ჰქონდათ
შემდეგი სტატია„ხელისუფლებამ სამწუხაროდ ისარგებლა ამ მძიმე ტრაგედიით, რაც თბილისში დატრიალდა,” – ირაკლი აბესაძე