საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტი რეზოლუციის პროექტებზე იმსჯელებს

საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ.
განსახილველად პროექტის ორი ვარიანტი გადის ერთი რეზოლუციის ავტორი “ქართული ოცნებაა”, ხოლო მეორე პროექტი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოამზადა.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ პროექტში არის საქართველოს მთავრობისადმი მიმართვა, მოითხოვოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა. ამავე პროექტით არის მიმართვა მთავრობისადმი, აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი. “ნაციონალური მოძრაობის” პროექტით მოთხოვნილია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება და ყურადღების კონცენტრირება ჟენევის ფორმატზეა.
რაც შეეხება ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, აღნიშნულ დოკუმენტში არის მოწოდება მთავრობისადმი, გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანოზაციებში და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ასევე აღნიშნული პროექტით პარლამენტი მიმართავს მთავრობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილონ ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი.
“ქართული ოცნების” რეზოლუციის პროექტში დაფიქსირებულია მთავრობისადმი მიმართვა, განიხილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედების საკითხი. ასევე რეზოლუციის პროექტით პარლამენტი მოუწოდებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს, ინტენსიური პერიოდულობით უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და წევრი ქვეყნების დელეგაციების ინფორმირება საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ორივე რეზოლუციის პროექტი მიმდინარე კვირას სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც ერთიან ვარიანტზე ვერ შეჯერდნენ. შეუთანხმებლობის ერთ-ერთი თემა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმება იყო, რასაც უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. გარდა ამისა, არსებობს შეუთანხმებლობა ცალკეულ ფორმულირებებზე, რაც, ძირითადად, რეზოლუციის სიმწვავის ხარისხთან არის დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ნატო-ში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის მიცემის წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაორთაჭალჰესის ტერიტორიაზე თევზსაჭერი ბადეები აღმოაჩინეს