სამურზაყანოში ენა ჩვენი ქართული შველას ითხოვს-ზურაბ ერქვანია

1229996_603070499786042_1758585141_n“სამურზაყანოში ქართული ენის გენოციდის ახალმა ტალღამ იმძლავრა”-ასე ეხმიანება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ერქვანია გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვის ფაქტს

ჯერ იყო და სკოლებში აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, შემდგომ შეიზღუდა ქართული ენის სწავლაც და იგი დაიყვანეს არასავალდებულო – ფაკულტატივის დონეზე. სექტემბრიდან გალის 11 სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება საერთოდ აიკრძალება. ოკუპირებული გალის რაიონის 31 სკოლაში საერთო ჯამში 4000–ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 500–მდე მოსწავლე პირველკლასელია.

შეურაცხმყოფელი ის გახლავთ, რომ საქართველოს და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპის გრანტების და იდეოლოგიურ ტყვეობაში მყოფი არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ჭირისუფლების როლში გამოდიან, ფორმალურად სინანულს გამოთქვამენ და ევროპელ პარტნიორებთან ამ საკითხებზე ,,ინტენსიური კომუნიკაციის,, აუცილებლობის მზაობით იფარგლებიან. გალის რაიონში რეალური ეთნოსტრუქტურის გათვალისწინებით, მარიონეტული რეჟიმისთვის ეს არ არის მიზანშეწონილი რეგულაცია. ახალ რეგულაციებს მათგან კატეგორიულად მოითხოვს რუსეთი, ვინაიდან ეს რეგულაციები ექსპანსიის პოლიტიკის განუყოფელი შემადგენელია.

ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონის სკოლებში ქართული საერთოდ არ ისწავლება. მასწავლებლები არალეგალურად, ლამის სიცოცხლის რისკის ფასად ასწავლიან ქართულს…

აფხაზეთში, გალის რაიონის მოსახლეობაში უკვე ვრცელდება საინფორმაციო ფურცლები სადაც წერია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში რუსულ და აფხაზურ ენებზე იქნება სწავლება ასევე გალის რაიონში დაიწყო მოსკოვში დაბეჭდილი ისტორიის წიგნების დარიგება, რომლებშიც უტიფრად არის ფალსიფიცირებული და გაყალბებული ქართულ-აფხაზური ისტორიული წარსული. ქართული სკოლების თანამშრომლებმა კი უკვე მიიღეს მითითება, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ისტორიის სასწავლო წიგნით სწავლება სკოლებში შეწყდეს. სექტემბრიდან აიკრძალება ქართული სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების გადაადგილება საოკუპაციო ზოლზე…

გალის ქართულენოვან სკოლებში აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო მომავალი სასწავლო წლიდან მეგრული ენის სწავლების შემოღებას აპირებს. მეგრულენოვანი “დედა ენის” სწავლება სავალდებულო გახდება. წიგნი, რომელიც გალის ქართული სკოლების პირველკლასელთათვის არის განკუთვნილი სულ 500 ცალი ჯერ კიდევ 2013 წელს როსტოვში დაიბეჭდა..

11168032_818788118214278_5387740332913744193_n

მინდა შეგახსენოთ, რომ გალის რაიონში პირველი ადგილობრივი კომერციული ტელეარხი იწყებს სრულყოფილ მაუწყებლობას, რომლის მიზანია გალის მოსახლეობის ,,ინტეგრირება ერთიან აფხაზურ სივრცეში,,. ახალი ამბები გალის ტელევიზიით აფხაზურ, მეგრულ და რუსულ ენებზე გადაიცემა. ტელეარხი მთელ რაიონს და დასავლეთ საქართველოს ნაწილსაც დაფარავს…

განა ვინმე იჯერებს სეპარატისტული რეჟიმისა და ოკუპანტი ქვეყნის მზრუნველობას მეგრულ ენაზე. ზოგად-ქართული და რეგიონალური ცნობიერების დაპირისპირების იდეა ხომ არახალია, ამასთანავე, ეს საკითხი ახალ რეალიებში ჩვენს მიერ ახლებურად გააზრებას საჭიროებს. ამაზე დღეს, სამწუხაროდ, არავის ფიქრობს და არ მუშაობს. მოსკოვი კი კვლავ კუთხური სეპარატიზმის შესაძლებლობების გამოყენებაზე აკეთებს აქცენტს, კვლავ კულტურული ავტონომიების და ერთობლივი აფხაზურ-მეგრული სახელმწიფოს შექმნის ილუზიებს ქადაგებს.

ამასთანავე, ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია დროულად ჩამოაყალიბოს და გააჟღეროს პოზიცია საქართველოში რეგიონალური ენების სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით „რეგიონალური და უმცირესობების ენების შესახებ“ ევროპული ქარტიის მოთხოვნათა კონტექსტში. ამ საკითხზე ვნებათაღელვა სულ უფრო მატულობს. ქვეყნის შიგნით დეზინტეგრაციულ პროცესების წახალისების შიშით გამოწვეულმა დუმილმა და პრობლემების იგნორირებამ შეიძლება ნეგატიური გამოვლინებები და პროცესები კიდევ უფრო წაახალისოს.

მოგეხსენებათ, ქართულ ენას დღეს მხოლოდ ენგურსგაღმა არ უჭირს. ჩვენი მენტალური და კულტურული რეალობა ის გახლავთ, რომ კარგი მოქართულე დღეს თბილისშიც დიდი იშვიათობა გახდა! ჩართეთ საღამოს ქართული ტელეარხები, რადიოარხები, მოუსმინეთ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მოხელეებს, ჟურნალისტებს, არტისტებს, სპორტულ კომენტატორებს და დამეთანხმებით. შემაშფოთებელია, რომ ქართული ზეპირმეტყველება უკვე საოცნებო წარსულად გვექცა. ეს ხომ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორად წარმართულ სასწავლო პოლიტიკის შედეგია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში … ევროპაში ნასწავლმა იმ სახელმწიფო მოხელეებმა, ვინც გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვის გამო განგაში უნდა ატეხონ, ქართულ ენას პატივს თავად არ სცემენ, გამართულ ქართულად თავად ვერ მეტყველებენ და რატომ გვიკვირს ის, რაც გალში ხდება. ზუსტად იმას ვიმსახურებთ, რასაც ვაკეთებთ, როგორც ვეპყრობით ჩვენი იდენტობის გარანტს – ქართულ ენას!

11051390_432498810246311_971786884_n

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ აფხაზეთის საზოგადოება შინაგანი არასრულფასოვნების კომპლექსის მსხვერპლნი გავხდით. რატომ არის ოლიმპიური სიმშვიდე ტერიტორიადაკარგულ ქვეყანაში. რატომ წარიმართა დევნილი მოსახლეობის ენერგეტიკა და პოლიტიკური რესურსი ცალსახად, მხოლოდ სოციალურ-ყოფით სფეროში. რატომ გახდა მათი სოციალური ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტი. რატომ არიან ჩუმად და უმოქმედოდ ისინი, ვისაც ჩვენ სოლიდურ ხელფასს და პრემიებსაც (!) კი ვუხდით ამ ვითარებაზე მწვავედ რეაგირებისათვის, დევნილთა ინტერესების კონსოლიდაციისა და მოქმედებისათვის. . . რა უნდა იყოს განგაშის ზარი ჩვენთვის და ხელისუფლებისთვის, თუ არა ის, რაც დღეს გალში ხდება! ვითარებას მთელს საქართველოში და მის გარეთ მასობრივი საპროტესტო აქციების ახალი ძლიერი ტალღა უნდა გამოიწვიოს! ტალღა, რომელსაც სისტემური, კოორდინირებული და კომპლექსური სახელისუფლებო მოქმედება უნდა მოყვეს!

ზოგადი საგაზეთო თუ სამთავრობო დერეფნებში გაკეთებული კომენტარების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტურ პოზიციას და პრევენციის სამოქმედო გეგმას ამ საკითხზე ჯერჯერობით ვერსად მივაკვლიე. როგორც ჩანს, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციით არიან დაკავებულნი.

გაუგებარი და აუხსნელია 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღის საზეიმო გადაცემებში რატომ ვერ გამოიძებნა საეთერო დრო სამურზაყანოში ქართული ენის სწავლების აკრძალვის პროტესტისთვის, თუნდაც, დედაენის ძეგლთან გამართლი არასამთავრობო სექტორის საპროტესტო აქციების სრულფასოვნად გაშუქებისათვის. იქნებ ვინმემ ამიხსნას, რა არის ამაზე მნიშვნელოვანი და ამაზე გადაუდებელი დღევანდელ საქართველოში.

ვერ გამიგია, რატომ და ვისი უნიჭობის გამო დაკარგა გალის რაიონმა პრიორიტეტული სტრატეგიული მნიშვნელობა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებულ საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესში. რატომ არ გრძნობს გალის მოსახლეობა ისეთ პრაქტიკულ მორალურ-ფინანსურ-პოლიტიკურ მხარდაჭერას და დახმარებას, როგორსაც იმსახურებს თუნდაც მედიატორულ-სამშვიდობო-პოლიტიკური ფუნქციით. მიჩნდება კითხვა, მტრის საქმე გალთან მიმართებაში შეგნებულად კეთდება თუ უცოდინარობით.

11068368_818759494883807_8631131048950768809_n

სამურზაყანოში ენა ჩვენი ქართული შველას ითხოვს. გალის მოსახლეობა თითოეული ჩვენთაგანის სოლიდარობას და აქტიურ მხარდაჭერას იმსახურებს.

ერთ მუშტად დგომით, პრინციპული პოზიციით მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რას ნიშნავს ჩვენთვის ქვეყნის მთლიანობა, აფხაზეთი, სამურზაყანო, ქართული ენა, ჩვენი სახელმწიფო და ეროვნული თვითმყოფადობა!

ზურაბ ერქვანია

15 აპრილი 2015 წელი

banner
წინა სტატიაშიკახა ნაკანი გლდანის ციხეში სპეციალურად მოათავსეს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და წნეხი მოახდინონ
შემდეგი სტატიაპროკურატურა განცხადებას ავრცელებს