სამთავრობო სტრუქტურებს რემონტზე, რბილი ავეჯის და ახალი ტრანსპორტის შეძენაზე უარის თქმაც მოუწევთ

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო უწყებებისა და მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაციას არაუგვიანეს 16 მარტამდე ელოდება.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების შესახებ მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა.
ამასთან, მან რეკომენდაციებიც წარმოადგინა, რა ნაწილშიც ურჩევს მთავრობა სახელმწიფო სტრუქტურებს ხარჯების შემცირებას.
“ნებისმიერ შემთხვევაში შემცირება არ შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სოციალურ ხარჯებს. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც სამინისტროებს, უწყებებს, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან მთავრობის და არა სამინისტროების კონტროლის ქვეშ, ავალებს, რომ არაუგვიანეს 16 მარტისა ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს ინფორმაცია მიმდინარე ხარჯების შემცირების შესახებ. ჩვენ რეკომენდაციით შემოვდივართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისა. დაახლოებით 30 პროცენტით შევამციროთ საწვავის ხარჯი, რაც რა თქმა უნდა, არ შეეხება ოპერატიულ მანქანებს. ამავე დროს ჩვენ გთავაზობთ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები, 20 პროცენტით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯები და ამავე დროს სასწავლო შვებულებები გამოვიყენოთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – სასურველია, რომ მიმწვევი მხარის მიერ იქნება თუნდაც 80 პროცენტი ანაზღაურებული”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობა თხოვს პარლამენტს, სასამართლოს და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში არ იმყოფება, თავადაც ანალოგიური შეზღუდვები დააწესონ.
“გვინდა ვთხოვოთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც, რომლებიც არ არიან მთავრობის კონტროლის ქვეშ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, სასამართლო, ასევე მუნიციპალიტეტები, მათ შორის დედაქალაქის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომ ანალიგიური შეზღუდვები გამოიყენონ”, – აღნიშნა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიარაჩვეულებრივი გამოფენა ანუ იეღოვა მეგრულად
შემდეგი სტატიაბათუმში დაგეგმილი მასშტაბური ბიზნესფორუმი- რა იგეგმება ღონისძიების ფარგლებში?