„სამართალდამცველების მხრიდან ქვეყნის და სტაბილურობის გადასარჩენი ღონისძიებებია ჩასატარებელი“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და ეს ჩვენი საზოგადოების გამოწვევაა.

„იური ვაზაგაშვილი სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი გახდა. ეს არის უბედურება არა მხოლოდ მისი ოჯახისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. სასწრაფო, პროფესიონალური და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის გადასარჩენი, სტაბილურობის გადასარჩენი ღონისძიებებია ჩასატარებელი ჩვენი სამართალდამცველების მხრიდან. ხალხს განცდა უნდა ჰქონდეს, რომ მათ სიცოცხლეს და სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ასეთი სახის მკვლელობა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და ეს ჩვენი საზოგადოების გამოწვევაა. საერთოდ, ქვეყნის სტაბილურობის თემა შედგება იმ ნაწილებისაგან, რასაც ჰქვია სწრაფი, პროფესიონალური  და მაღალ დონეზე ჩატარებული გამოძიება“, – განუცხადა ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა ამ საქმეზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას, დეპუტატმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს ამ საკითხზე პროფესიონალები იმუშავებენ და კონტროლი საჭირო არ გახდება.
არსებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე დამონტაჟებული მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაიწყო.
banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძის სკოლაში ლექციებს სერგი კაპანაძე, ეკა ტყეშელაშვილი და ბათუ ქუთელია წაიკითხავენ
შემდეგი სტატიასერგო რატიანი – იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება ხელისუფლების ინტერესში შედის