სამართალდამცავებმა 7 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების , შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, 7 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ბრალდებით ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ელიანო კ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ხელჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავში და ასევე, ამავე ჩანთაში მოთავსებულ ლამინირებულ ფოტოალბომში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 7კგ და 348 გრამია. დაკავებული აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს სატრანზიტო გზით თურქეთის რესპუბლიკაში გატანას ცდილობდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის “ა” პუნქტით და 19-262-ე მუხლის 4-ე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშირატომ დატოვა ვერა ქობალიამ ყაზახეთში კარგად ანაზღაურებადი სამსახური? (VIDEO)
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა