,,საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი წინგადადგმული ნაბიჯია”

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს, პროგრესი არის აშკარა და ნათელი.
“რაც შეეხება ბოლო ერთი კვირის მოვლენებს, თავისი ფორმით და პროცესით, ეს არ იყო ყველაზე უფრო საამაყო ფურცელი ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ თავისი შინაარსით შესაძლოა, აღმოჩნდეს ერთ-ერთი გარდამტეხი მნიშვნელოვანი მოვლენა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, სანამ სასამართლოს განაჩანით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო. რაც არ უნდა წარმოდგენები გვქონდეს ჩვენ მასზე, რაც არ უნდა მოგვწონდეს ვინმე, ან არ მოგვწონდეს, ყველა წინასწარ პატიმრობას აქვს თავისი ვადები და ყველა, მათ შორის, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო ორგანოები უნდა ჩაეტიონ ამ ვადებში და ვერ გაგრძელდება ეს დაუსრულებლად. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი, ეს არის ნაბიჯი წინ, იქით, რომ შეზღუდული იყოს ჯერ კიდევ დამნაშავედ არცნობილი ადამიანის ციხეში ყოფნის ვადები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, სასამართლო პროცესი ძირითად საქმეზე მიმდინარეობს წელიწადნახევარზე მეტია.
“მე პირადად, პრეტენზია იმაზე მაქვს, რომ წელიწადნახევარი არ უნდა გაგრძელებულიყო ეს საქმეები სასამართლოში და არა ის, რომ სასამართლოებმა დაასრულეს გადაწყვეტილებები და გამოიტანეს განაჩენი. ამ პროცესში ეს გარდაუვალია ამბავია, რადგან სასამართლოში ორი მხარე ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ორივე მხარეს ვუსურვებდი, რომ მეტი დამაჯერებლობა ჰქონდეს და მის ხელთ არსებული პროცედურული იარაღი იყოს გამოყენებული უფრო ცივილურად. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ფორმასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემები გვექნება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა პროკურატურის კანონთან დაკავშირებითაც და განმარტა, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა დაასრულა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა.
“ამ ცვლილებებმა სწორედ მთავარი პროკურორის შერჩევის ძალიან გართულებული მექანიზმი დაადგინა. პარლამენტი ამ პროცესში არის ბოლო გადაწყვეტილების მიმღები. მანამდე აქ ერთვებიან თავად პროკურორები, პროკურორთა კონფერენცია აღმასრულებელი სისტემა, იუსტიციის მინისტრი, მთავრობა და შემდგომ უკვე შერჩეული კანდიდატი მოვა პარლამენტში. ჩვენ პარლამენტის წევრები ჩვენს სიტყვას ამ პროცესში ვიტყვით ბოლოს და არა დასაწყისში. ეს ყველაფერი არის სხვების პრეროგატივა”, – განმარტა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადეიშვილის ოჯახის წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატია,,უცნაურობების კასკადს დავარქმევდი იმას, რაც დღეს ქართულ მედიაში ხდება”