საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობას ეროვნული ბანკი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე განახორციელებს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საქმე არსებითად განსახილველად და შეაჩერა რამდენიმე ნორმის მოქმედება, რისი პრაქტიკული შედეგიც არის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის დროებით შეჩერება.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით (საქმეზე – პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გაკეთდა რიგი არასწორ ინფორმაციათა შემცველი განცხადებებისა, რის გამოც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სასამართლოს არ უმსჯელია საქმეზე არსებითად, არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და არც ერთი ნორმა არ უცვნია არაკონსტიტუციურად. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საქმე არსებითად განსახილველად და შეაჩერა რამდენიმე ნორმის მოქმედება, რისი პრაქტიკული შედეგიც არის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის დროებით შეჩერება და მისი ფუნქციების ეროვნული ბანკის მიერ განხორციელება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავა არ შეეხება საკითხს, რამდენად კარგი, ან ეფექტური არის, ან იქნება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა. საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ, რომ ამის შეფასება სცილდება არა მხოლოდ მოცემული დავის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებსაც.

“დავა ეხება კომპეტენციის საკითხს – ვინ უნდა განახორციელოს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია და არა იმის შეფასებას, ვინ უკეთ განახორციელებს მას. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მიმდინარეობს სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება (იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს) გამოიწვევს სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობას მათი ამოქმედების დღიდან, რაც საეჭვოს და სადავოს გახდის სააგენტოს, როგორც არაკონსტიტუციური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას. იმავდროულად, წარმოშობს არალეგიტიმური ორგანოს მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლოს გნაცხადებით, სწორედ ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერა რიგი სადავო ნორმების მოქმედება.

“ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ხელი შეუწყო საფინანსო ურთიერთობების სენსიტიურ სფეროში დავების არსებობით გამოწვევადი უარყოფითი შედეგების გამორიცხვას. თუ სასამართლო სადავო ნორმებს საბოლოოდ არაკონსტიტუციურად ცნობს, კვლავ ეროვნული ბანკი იქნება ამ ფუნქციის განმახორციელებლი, ხოლო, თუ კონსტიტუციურად ცნობს – უფლებამოსილება გადავა სააგენტოზე, როგორც ეს ნორმების შეჩერების გარეშეც უნდა მომხდარიყო, ოღონდ იმ რისკების გარეშე, რომ სააგენტოს ნებისმიერი აქტივობა პერსპექტივაში ჩაითვლება კონსტიტუციური საფუძვლის არმქონე და, შესაბამისად, სადავო”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მამა აბრამის ბატკნები” – კახა კუკავა მთავრობას აკრიტიკებს
შემდეგი სტატიანიკა რურუა: საქართველო დაემსგავსება პუტინის რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს