“საკონსტიტუციომ ის მუხლი გააუქმა, რაც პარლამენტმა 2009 წელს ჩემს დასასჯელად შემოიღო”

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია და ის ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა მიეღო.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნული ნორმის შემოღების ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ნორმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტმა, 2009 წლის 17 ივლისს სწორედ მის დასასჯელად შემოიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი, თუმცა მინდა დღეს შეჩერებული ნორმის მცირე ისტორიაც შემოგთავაზოთ. ეს ნორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა მიიღეს 2009 წლის 17 ივლისს დაჩქარებული წესით ცვლილების სახით, იმისათვის რომ ჩემს წინააღმდეგ გამოეყენებინათ და მე დავესაჯე. მას შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა ამ ნორმის შემოღებით. სრულიად ბუნებრივია, რომ მათ ეს ნორმა თავად შემოუბრუნდათ“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება რუსთავი 2″-თან დაკავშირებით.

„იმისდა მიუხედავად, მოსწონს ვინმეს თუ არა რუსთავი 2-ის მიერ გაშუქებული სიუჟეტები, არხის სარედაქციო პოლიტიკა, მისი პოზიცია, იმის მიუხედავად, არის თუ არა რუსთავი 2 დამოუკიდებელი ტელევიზია, ის განსხვავებულ აზრს აფიქსირებს და ტელეკომპანიის დახურვა აზრად არავის არ უნდა მოუვიდეს. რაც შეეხება დავას, რომელიც ახლა დაიწყო, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა და ვინმესთვის ქონების დაბრუნების მცდელობა. სრულიად ნათელია, რომ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას უარყოფს
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს