საია: თუ პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს

თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ვერ მოხდება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ასეთ შემთხვევაში პირიქით, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილიმა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით სამართლებრივი პროცედურა დაიწყო.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი სწორი არ არის.
“მოქალაქეობის ჩამორთმევისას უნდა არსებობდეს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც ამ ეტაპზე არა მგონია, რომ სახეზე გვქონდეს. ამიტომ მოცემულ ეტაპზე ამაზე საუბარი ვფიქრობ, რომ არ არის სამართლებრივად სწორი. არ ვიცი რა საფუძველს შეიძლება გულისხმობდეს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ეს საფუძველი არსებობდეს. თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ან არსებობს ეჭვები, რომ შეიძლება მონაწილეობდეს რაიმე ფორმით რაიმე დანაშაულში პირიქით, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. არც საფუძვლები ითვალისწინებს ამას. ასეთ შემთხვევაში პირიქით, მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს პირს და გამოძიება გაგრძელდეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
წულუკიანის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს – მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.

banner
წინა სტატიაში“არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდათ გვარამიას მსხვერპლად შეწირვა”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს (+ვიდეო)