,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა არსებობს”

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა მართლაც არსებობს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ტელეიმედის” ეთერში განაცხადა .
“გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. შესაქმნელია სისტემა და სისტემურად არის გადასაწყვეტი ეს პრობლემა იმისათვის, რომ მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო მაქსიმალურად გასაგებ ენაზე იქნას გადათარგმნილი და მიწოდებული ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, პარტნიორებმა ან თუნდაც არაკეთილმოსურნეებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, იმ მართლაც ძალიან კარგი შედეგების შესახებ, რომელიც გვაქვს ჩვენ არაერთი მიმართულებით _ ეს არის დემოკრატიული მიმართულება, ეკონომიკური მიმართულება. ამბასადორიალზე გუშინ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა ეკონომიკური გუნდის მიერ და პირდაპირ ჩანდა, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს საგარეო-პოლიტიკურ უწყებაში, კვირიკაშვილის თქმით, ის მაქსიმალურად დაეხმარება თანამშრომლებს, რათა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მათი მხრიდანაც დახმარების დიდი იმედი აქვს.
“მე ნამდვილად მჭირდება დახმარება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ გარკვეული ცვლილებები ახალი ხელმძღვანელის მისვლის შემდეგ გასაკვირი არ უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიას პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:0 ამარცხებს
შემდეგი სტატიამედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა