საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ირაკლი ღარიბაშვილს და დავით უსუფაშვილს კრიტიკულ წერილს უგზავნიან

erovnulibvankiiმსოფლიო ბანკი (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოტანასთან დაკავშირებით კრიტიკულ წერილს უგზავნიან.
წერილში ნათქვამია, რომ ეს რეფორმა საფინანსო სექტორს დააზიანებს და საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას.
“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ცვლილებების გამო, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში იგეგმება. ეს დააზიანებს კონტროლის პრინციპს, რომელიც აქამდე იყო, როცა ეროვნული ბანკის საბჭოს წარადგენდა საქართველოს პრეზიდენტი და შემდეგ ამტკიცებდა პარლამენტი. სწორედ ამიტომ, ამან შეიძლება გამოიწვიოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიზირება. ასევე, არსებობს რისკი, რომ ახალი სააგენტო შეიძლება იყოს ძალიან სუსტი იმისთვის, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს საბანკო სექტორის ლობირებას უფრო სუსტი რეგულაციისთვის, რაც საფრთხეს შეუქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურობას.

2014 წლის მაის-ივნისში სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა დადებითად შეაფასა. ხაზი გაუსვა პროგრესს საბანკო რეგულაციისა და ზედამხედველობის მიმართულებით და შეაქო ეროვნული ბანკი განვითარებულ რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო რეჟიმის შემოღებისთვის და იმისთვის, რომ ეფექტიანად ანაწილებს საზედამხედველო რესურსებს. ჩვენი რჩევაა საბანკო ზედამხედველობა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. თუმცა თუ თქვენ მაინც მიზნად გაქვთ დასახული ზედამხედველობა გაიტანოთ სები-დან, აუცილებელია, რომ კანონპროექტმა გაითვალისწინოს ზემოთაღნიშნული საკითხები და თანხვედრაში მოვიდეს ბაზელის ძირითად პრინციპებთან ეფექტური საბანკო ზედამხედველობის შესახებ. ასევე ცალსახად უნდა იყოს ნაჩვენები, რა გარანტია ექნება ნებისმიერ ახალ სააგენტოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. კარგი იქნებოდა თუ ევროკავშირს მიმართავდით კონსულტაციისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვალდებულება გაქვთ აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომ გააუმჯობესოთ საბანკო ზედამხედველობა და ცენტრალური ბანკის კანონმდებლობა ევროკავშირისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერით“,- ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ წერილში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ეგონათ, რომ ებრძოდნენ სააკაშვილს, სინამდვილეში გააღარიბეს მთელი საქართველო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი “სუხიშვილების” ქორეოგრაფიულ დასს 70 წლის იუბილეს ულოცავს.