სად იმყოფებოდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დროს სოსანაშვილი?- ნათესავები და ოჯახის წევრები ახლა დეტალებს ყვებიან

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ოჯახის წევრები მკვლელობაში მისი რაიმე სახით მონაწილეობას გამორიცხავენ და ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ.

სასამართლოში, სადაც დღეს გია სოსანაშვილისთვის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს, დაკავებულის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ისინი ადასტურებენ დაცვის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გია სოსანაშვილი 20 იანვარს, როდესაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქებისას გარდაიცვალა, კასპში ერთ-ერთ სასადილოში მეგობარ პოლიციელთან ერთად სადილობდა.

მათივე თქმით, დაკავებამდე ერთი დღით ადრე, სოსანაშვილი პროკურატურაში დაიბარეს, სადაც დნმ-ის და კიდევ რამდენიმე სხვა ტესტი გაატარეს, მეორე დღეს კი მოხდა მისი დაკავება.

„პროკურატურაში მიბარებენო, დაუბარებიათ განყოფილებაში. მისულა იქ და აუღიათ დნმ-ის ანალიზი და კიდევ რაღაცეები. რომ მოვიდა ვკითხე, რა ხდებათქო, არაფერი იცოდა. მე მითხრა, რომ როცა ეგ ამბავი მოხდა, მკვლელობაო, მამია ჰქვია მის თანამშრომელს, იმასთან ერთად ვიმყოფებოდი იმ სასადილოშიო,“ -აცხადებს სოსანაშვილის ნათესავი, თემურ აბრამიშვილი.

სოსანაშვილის მკვლელობაში მონაწილეობას ვერ იჯერებს ვერც მისი და, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურაში ანალიზების ჩაბარების შემდეგ, ძმისთვის აღელვება არ შეუმჩნევია. მთელი ოჯახი კი ვაზაგაშვილის მკვლელობის გამო აღშფოთებას არ მალავს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

„რატომ გააკეთა, რა მიზანი ჰქონდა? არ იცნობდა ადამიანს და იქ ავიდა? ყველაფერს ვეცდებით, რომ კანონიერად წავიდეს გამოძიება. შეშფოთებულები ვართ, ამდენი წელი მუშაობდა პოლიციაში და არც ერთი უკანონობა არ ჩაუდენია,“ – განაცხადა ბრალდებულის დამ, ლია სოსანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: საქართველოს ჰყავს თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელი პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა ნარმანიას შეუთვალა საქმე აკეთე, თორემ შენი უმოქმედობა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე წინ ცუდად დაგვხვდებაო”