სადეზინფექციო სამუშაოები პოტენციური რისკის შემცველ ყველა კერაზე ხორციელდება

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება სვანიძის ქუჩაზე, “მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორიაზე, რათა პოტენციური რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

როგორც საბჭოში აცხადებენ, ზოოპარკსა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრში სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველები ნადგურდება სპეციალურ ინსენერატორში, რომელიც განთავსებულია თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე. განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათი გადატანა კი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, სტიქიის ზონაში მდებარე ხორცპროდუქტების ქარხანა „ვაკედან“ მავნებლად მიჩნეული, გაფუჭებული სურსათის ამოღების პროცესი თითქმის დასრულდა.

აღნიშნული ტერიტორიიდან უკვე გატანილი და განადგურებულია 135 ტონამდე მავნებლად მიჩნეული გაფუჭებული მზა სურსათი და ნედლეული.

სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობიდან 328 ადამიანი განთავსებულია სხვადასხვა სასტუმროში, ხოლო 92 კი კერძო ბინებში.

ამათან, სვანიძის ქუჩაზე კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დამატებით შეყვანილია 50 სამხედრო მოსამსახურე, რათა დროულად მოხდეს ძაღლების თავშესაფრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა.

ამ მომენტითვის გაკეთებულია ხეობის მერე მხარეს გადასასვლელი გზა, რითაც მძიმე ტექნიკა სარგებლობს. ძირითადი ძალები გადართულია სვანიძის ქუჩის მიმდებარე ვერეს ხეობისა და იქ არსებული გვირაბის სიახლოვიდან ჩამონადენი და ნაშალი მასალების გამოტანაზე. ინტენსიურად მიმდინარეობს ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები.

მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს 285 მეხანძრე-მაშველი. დაცვის პოლიციის 50 თანამშრომელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 27 თანამშრომელი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და მერიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიების ტექნიკა.

ზოოპარკის ტერიტორიაზე აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. პრობლემატურ ლოკაციად რჩება მტაცებელ ცხოველთა ვოლიერი, საიდანაც წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ხდება ვოლიერთან სპეცტექნიკისთვის მისასვლელი გზის წმენდა.

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება წყლის ამოტუმბვითი და ჩამონადენი მასალების გატანითი სამუშაოები.

წყნეთის ქუჩის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს ნაპირის გამაგრებისთვის საჭირო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დასრულდა 6 ხიმინჯის მოწყობა, დღის ბოლომდე დაემატება კიდევ 4. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს სააქციო საზოგადოება „ზიმოს“ სპეცტექნიკა და პერსონალი. დამონტაჟებულია სპეციალური განათება საჭიროების შემთხვევაში ღამით სამუშაოების გასაგრძელებლად.

banner
წინა სტატიაშიმტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ 15 გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა
შემდეგი სტატიადღეს ვიქტორ ცოი 53 წლის გახდებოდა