საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა აღარ ჩატარდეს

საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა აღარ ჩატარდეს

საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა აღარ ჩატარდესსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 12 ოქტომბერს განიხილავს ვახუშტი მენაბდის სარჩელს საგარეჯოსა და მარტვილში დანიშნული შუალედური საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. რადგან არჩევნები 2015 წლის 31 ოქტომბერს არის დანიშნული და მის ჩატარებამდე შესაძლოა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხერხდეს, მოსარჩელე ითხოვს, გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდეს ნორმის მოქმედება და არჩევნები არ ჩატარდეს.

2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნუციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად. არსებულმა საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში.

ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მიუხედავად, 2015 წლის 31 აგვისტოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

1–ელ ოქტომბერს, იურისტმა ვახუშტი მენაბდემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შუალედური საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სრული შემადგენლობა განიხილავს. სხდომა 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

მოსარჩელე ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ის რეგისტრირებულია საბურთალოს N3-ე საარჩევნო ოლქში, სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩვნებისათვის რეგისტრირებული იყო 128 000 ამომრჩეველი. საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება მარტვილში, ხოლო 3.5-ჯერ საგარეჯოში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს.

მოსარჩელის განმარტებით, მისი ინდივიდუალური საარჩევნო ხმა საცხოვრებელი ადგილის გამო, გახდა მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან მიმართებაში უთანასწორო შეფასების ობიექტი.

„საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების 22-ე პუნტში მიუთითა, რომ „საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა. ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანასწორი იყოს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ხმათა თანაბარი „წონა“. სასამართლო დაეყრდნო რა ვენეციის კომისიის ხედვას, გაიზიარა მისი სტანდარტი და განაცხადა, რომ ჩვეულებრივ შემთხევაში გადახვევა მხოლოდ 10% შეიძლება იყოს განსაკუთრებულ შემთხვევაში კი 15%. ამით მან დაადგინა კონსტიტუციური ლავირების სივრცე, რომელსაც არსებითად სცდება სადავო შემთხვევა. ხოლო 30-ე პუნქტში სასამართლომ განაცხადა, რომ „იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ერთი ნაწილის ხმის „წონა“ მრავალჯერ აღემატება მეორე ნაწილის ხმის „წონას“, ეს იწვევს მაღალი ხარისხის დისპროპორციას“ (როგორც ჩვენს შემთხვევაში) რაც წარმოადგენს არაკონსტიტუციურ რეალობას და უნდა გაუქმდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 110-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საკმარისი არ აღმოჩნდა და სადავო ნორმების სახით, კვლავ მოინახა ნორმატიული ბაზა, რაზე დაყრდნობითაც შუალედური არჩევნები ტარდება, რაც ისევე როგორც ძირითადი არჩევნები არღვევს ჩემს კონსტიტუციურ უფლებებს“, – აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე.

მისივე თქმით, ამავდროულად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იმ საარჩევნო ოლქების საზღვრები, სადაც არჩევნები ტარდება, კონსტიტუციური თვალსაზრისით აღარ არსებობს, ამდენად ცესკოს მიერ არჩევნების ამ ოლქებში ჩატარება იწვევს მისი უფლებების ხელახალ დარღვევას. მოსარჩელე ითხოვს, სასამართლომ განჩინებით არაკონსტიტუციურად ცნოს სადავო ნორმები.

ვინაიდან არჩევნები დანიშნულია 2015 წლის 31 ოქტომბერს და მის ჩატარებამდე შესაძლოა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხერხდეს, მოსარჩელე შუამდგომლობს, გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდეს ნორმის მოქმედება, რადგან დეპუტატების არჩევის შემდეგ შეუძლებელი იქნება მოსარჩელის უფლებებში აღდგენა.

შეგახსენებთ, საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ნაული ჯანაშია კი გარდაიცვალა.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 5 კანდიდატი დარეგისტრირდა. მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ თამარ ხიდაშელი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ კი ირმა ინაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

banner
წინა სტატიაშიახალშენში მეწყერის ჩამოწოლის შედგად დაკარგული ოთარ დავითაძის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი:”რუსეთს არავითარი სურვილი არ გააჩნია იმპერიის აღსადგენად”