საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი მიმდინარე კვირას არის დაბარებული

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მოწვევასთან დაკავშირებით გასაკვირს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ ამით აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას.

ელჩის დაბარების მიზეზებზე საუბრისას კერესელიძე აცხადებს, ხშირად ხდება, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრ საკითხებზე სასაუბროდ არის დაბარებული.

კერესელიძის განმარტებით, ასევე იქნება საუბარი იმ დანიშვნებზე, რომელიც უკრაინაში საქართველოს ხელისუფელბის ყოფილ წარმომადგენლებს ეხება.

„ეს არის კიდევ ერთი საკომუნიკაციო წყარო დიპლომატიურ დონეზე. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია“, – აღნიშნა კერესელიძემ.

მისივე თმით, უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ამას ვერაფერი შეუშლის ხელს, მათ შორის, ვერც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელეთა დანიშვნა.

„ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, იმიტომ, რომ ეს არ არის პირველად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს და გვექნება მეგობრული ურთიერთობა. უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მის გვერდით ყოფნა, თანადგომა, უპირველესია. რაც არ უნდა მოხდეს, პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვერაფერი შეუშლის ხელს“, – განაცხადა კერესელიძემ და აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირი იყო უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა, თუ რატომ, ეს მიზეზები კარგად არის ცნობილი ყველასთვის.

აქვე სპიკერმა განმარტა, რომ საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი არა დაბარებული, არამედ მიწვეულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 13 თებერვალს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინაში პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით გეგმები არ ჩაშლილა”
შემდეგი სტატიასაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება