საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გორის რაიონში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ უკანონო ქმედებას, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მიიღოს ზომები მის აღსაკვეთად და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცენ ამ ნაბიჯს, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით დავაყენებთ გაეროში, ეუთოში, გამოვიყენებთ ყველა შესაბამის საერთაშორისო ბერკეტს იმისათვის,რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში სასამართლომ ბავშვები მამასთან შეხვედრაზე უარის თქმის გამო დასაჯა
შემდეგი სტატიაკიკიანის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა