საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში -11 და 12 აპრილს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, კერძოდ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის” გადაწყველებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების დაბრკოლებას “არაჰუმანურ ნაბიჯად” აფასებს.
“ეს უხეშად არღვევს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის დრო. სააღდგომო პერიოდში, 11 და 12 აპრილს, ადგილობრივ მოსახლეობის ექმნება დაბრკოლება ოჯახის წევრებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად.
საგულისხმოა, რომ სააღდგომო პერიოდში მოსახლეობის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საკითხი უშედეგოდ იქნა განხილული 25 მარტს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ასეთ ჰუმანიტარულ საკითხზე დაბრკოლებების შემოღების გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” ამინისტიის მხარდაჭერას არ ნანობენ
შემდეგი სტატიალოთი ქობალია ჯაჯანიძის შოუს ეხმიანება