საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დიპკორპუსს საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს

საგარეო საქმეტა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებს წარუდგინეს ვიზუალური და ფოტომასალა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი ბანერების დამონტაჟების თაობაზე.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა, იმედოვნებს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დახმარებას ამ საქმეში, ვინაიდან “სამწუხაროდ, ჩვენი ერთადერთი იარაღი ამ პროცესში საერთაშორისო სამართალია”.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. საქართველოში შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, ვინაიდან შვეიცარია წარმოადგენს ასევე რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს მოსკოვში, ის აპირებს გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, გააანალიზოს საქართველოს მესიჯი და გაერკვეს არსებულ ვითარებაში.
“გაოცებული ვართ რუსეთის ამ ქმედებით. ეს არის სამწუხარო ქმედება და ჩვენ მოვისმენთ რუსეთის მხარის პოზიციას ამ ბანერებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საელჩო ძალიან ფრთხილად შეისწავლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას მიიღებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან და შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეგზავნება ევროკავშირს.
10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები აღმართეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილმა ,,ფეისბუქზე,, აქცია დაიწყო…
შემდეგი სტატიაებრაელები რუსეთს ტოვებენ…