საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქვეყანაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა, იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლა და არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გეორგიოს ციპრას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საბერძნეთში არსებულ ფინანსურ კრიზისზე და იმ პრობლემებზე, რაც კრიზისის შედეგად საბერძნეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებულ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად წამოჭრა საბანკო ანგარიშებზე წვდომასა და ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ შეზღუდვები. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი, რომელიც მეგობარ ქვეყანაში შეიქმნა, ახლო მომავალში დაიძლევა და საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის ურთიერთმისაღები შეთანხმება იქნება მიღწეული.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, მათ შორის, საბერძნეთის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის დაჩქარება, მხარეთა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა.
გეორგიოს ციპრასმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ბერძენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისათვის. მან აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ასევე, განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან, ქვეყანაში არსებული საბანკო კრიზისი განიმუხტება.
დღესვე ასევე გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ გურგენიძის შეხვედრა საბერძნეთში მოქმედ ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგენიძე სალონიკშიც გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრები აერიათ
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი პატიმარი ქალების შემოწმების პროცედურას ღირსების შემლახავად მიიჩნევს