“საგანმანათლებლო ალიანსი” – სასკოლო წიგნებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი

“საგანმანათლებლო ალიანსის” განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან, სასკოლო წიგნებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი.
როგორც ალიანსის თანათავმჯდომარემ, მარიამ რამინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტრო წელს სახელმძღვანელოებზე 3 მილიონ ლარს ხარჯავს.
“პირველ ეტაპზე 19 მილიონზე მეტი იყო გათვლილი, 100% სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის. მეორე ეტაპზე, ანუ შემდეგ წელს, 19 მილიონი შემცირდა 9 მილიონამდე და მხოლოდ 9 მილიონი გამოიყო ამისთვის, რაც წარმოადგენს საერთო რაოდენობის 52%-ს. ქსელში დარჩა 48% ძველი 2013 წლის სახელმძღვანელოები და 52%-ი 2014 წლის სახელმძღვანელოები. 2015-2016 სასწავლო წელს ქსელში იქნება მესამეწლიანი 48% სახელმძღვანელოები და 52% სახელმძღვანელოები კი მეორეწლიანი. ამ ფონზე, როდესაც 3 მილიონი იხარჯება, ეს წარმოადგენს საერთო რაოდენობის 10%-ს. გამოდის, რომ მხოლოდ 10% სახელმძღვანელოები შეიცვლება, დანარჩენი კი იქნება მეორე და მესამეწლიანი მოხმარებისთვის; რაც გულისხმობს, რომ მშობლები აუცილებლად ეცდებიან შეიძინონ თავისი შვილებისთვის ახალი წიგნები. თუმცა, სახელმძღვანელოების ფასზე კონტროლი არ იქნება და სავარაუდოდ, გაიზრდება ფასი, რომელიც არავინ იცის, როგორ განისაზღვრება. რეალურად კი, სახელმძღვანელოების ფასი იქნება იმდენად დიდი, როგორც არასდროს”, – განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა არსებულ აუცილებლობებს და საჭიროებებს ვერ არგებს საკუთარ გათვლებს, რასაც ხმამაღლა არ ამბობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სტიქიით დაზარალებულთა დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ სტიქიით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების წესის ორი ვარიანტი მოამზადა