საგანელიძის ინტრიგები პიკს აღწევს

საგანელიძის  ინტრიგები პიკს აღწევსროგორც „ალია“ წერს, დაპირისპირების მიზეზი დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან მომხდარი უთანხმოება არ გამხდარა, ის უფრო ადრე დაიწყო.

„უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი დავით საგანელიძეს ბიძინა ივანიშვილთან ამბების მიტანაში ადანაშაულებს.

ე.წ. ლიდერს ბრძოლა, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ოცმა დეპუტატმა გამოუცხადა.

ამ დეპუტატებსა და საგანელიძეს შორის ,,ცივი ომი“ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიწყო. მაშინ სოსო ჯაჭვლიანი, დათო ლორთქიფანიძე და ომარ ნიშნიანიძე ღიად ლაპარაკობდნენ, რომ ამ ადამიანმა ,,ქართული ოცნების“ თითქმის ყველა დეპუტატი ,,დააიგნორა“ და საარჩევნო უბნებს ახლოსაც არ მიაკარა.

ამას მოჰყვა ადგილობრივი არჩევნები, სადაც იგივე განმეორდა. მეტიც, ბოლო არჩევნების წინ პარლამენტის ერთ-ერთ ოთახში საგანელიძეს 12-მა დეპუტატმა საქმეც კი გაურჩია და ბიძინა ივანიშვილთან ,,ჩაშვებაშიც“ დაადანაშაულა. ალბათ, გახსოვთ, ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე დეპუტატი აყირავებას აპირებსო.

მაშინ ბევრმა თითი ,,რესპუბლიკელებისკენ“ გაიშვირა, მაგრამ სინამდვილეში საუბარი იყო სოსო ჯაჭვლიანზე, დათო ლორთქიფანიძეზე, ომარ ნიშნიანიძეზე, მურმან დუმბაძესა და სხვებზე. საქმის გარჩევისას მურმან დუმბაძემ საგანელიძისკენ საცემლადაც გაიწია, მაგრამ გააჩერეს. მაშინ დეპუტატებმა გადაწყვიტეს, არჩევნების ჩამთავრებამდე გაჩუმებულიყვნენ და გაჩუმდნენ კიდეც… შესაძლოა ეს კონფლიქტი ყველას დავიწყებოდა საგანელიძეს მეთოდები რომ შეეცვალა, მაგრამ როგორც ამბობენ, მან ივანიშვილთან ამბების მიტანა ისევ გააგრძელა.

უბედურება ის კი არ არის, ივანიშვილთან ვის რა მიაქვს, უბედურება ის არის, რომ ივანიშვილი მიტანილს იჯერებს. მას შემდეგ, რაც საგანელიძემ მისი დარწმუნება შეძლო, საკუთარი დეპუტატები გღალატობენო, თვითონაც გადავიდა შეტევაზე და ლამის სათითაოდ დაემუქრა, ,,ქართული ოცნებიდან“ გაგრიცხავთო.

მაგალითად, როცა დათო ლორთქიფანიძე საპრეზიდეტო არჩევნების დღეს ვანში ჩავიდა და უბნების დათვალიერება სცადა, თბილისიდან დარეკეს, მაგას ახლოს არ გაეკაროთ, პარტიიდან უკვე გარიცხულიაო. შემდეგ იყო ჯაჭვლიანის პრობლემა – გლდანის საარჩევნო უბნებზე გასვლისას მოუგონეს, თითქოს გაგლეჯილი მთვრალი იყო. სოსომ საპატრული ეკიპაჟი გამოიძახა, შემოწმებაც გაიარა და ცნობაც აიღო, რომ ფხიზელი იყო.

პირად საუბრებში დეპუტატები ყვებიან, რომ ამ ბინძური ინტრიგების უკან დავით საგანელიძე დგას. თავად საგანელიძემ იცის, რომ პარტიიდან ვერავის ვერ გარიცხავს, ეს უნდა გააკეთოს თავად ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ და საჭიროა ხმათა უმრავლესობა, მაგრამ ის ამით მაინც მანიპულირებს, ვისაც ნერვები უმტყუნებს, ის თავად წავა…

საგანელიძემ ივანიშვილს ტვინი უბურღა და დაარწმუნა, რომ ქუცნაშვილი არაფრის გამკეთებელი არ იყო. მეტიც, ის ბიძინას ღალატობდა. ინტრიგებში გაწაფულმა ე.წ. ,,მემარჯვენემ“ ივანიშვილთან ზაქარიას საქმე ისე გაუფუჭა, ეს უკანასკნელი ყოფილი პრემიერის სატელეფონო ზარებსაც კი აღარ პასუხობდა. ერთ დღესაც ქუცნაშვილი ფრაქციის სხომაზე გამოიძახეს და უცებ გადააყენეს.

როცა ამ ყველაფრის შემდეგ გამოცემა წერდა, საგანელიძე კედლებზე დადიოდა და კვლავ ინფორმატორებს ეძებდა. ბოლოს რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატთა წრეში ,,შავი პიარი“ გაუშვა: იცით, რას გეტყვით ბიჭებო? რაც ,,ალიასა“ და ქრონიკაში“ ქვეყნდება, ყველაფერი ჩემთანაა შეთანხმებული, ყველაფრის აზრზე ვარ, მეტსაც გეტყვით, სანამ მასალები დაიბეჭდება, მე მიგზავნიან, ვასწორებ და ისევ უკან ვუბრუნებო. როგორც ერთ-ერთი დეპუტატი ამბობს, ამაზე ბევრი იცინეს და უპასუხეს, – კი, მაგრამ საკუთარ თავს ასე ძალიან რატომ აკრიტიკებო?

საგანელიძეს ერთ-ერთი შეხვედრისას უთქვამს, მარტვილში ჩემი ფიტული რომ დაწვეს, კოალიციის არც ერთმა ლიდერმა ხმა არ ამოიღო ჩემს დასაცავადო, ყოფილ პრემიერს პირდაპირ მიუხლია: რომელი ილია ჭავჭავაძე შენ მყავხარ, რომ ვინმემ შენს დასაცავად თავი გამოიდოსო? თითქოს ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ საგანელიძეს სამუდამოდ მოეკეტა, მაგრამ ის მაინც განაგრძობს ინტრიგების ხლართვას. მას თავი ხშირად ილია ჭავჭავაძე კი არა, ფრიდრიხ ნიცშე ჰქონია“,- წერს „ალია“.

banner
წინა სტატიაშისეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს
შემდეგი სტატია“ხუდონჰესის” მშენებლობა სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყება–დავით მირცხულავა