საბერძნეთის პარლამენტმა ახალი ეკონომიკური რეფორმების რატიფიცირება მოახდინა

საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად მიიღეს ეკონომიკური რეფორმების ის პაკეტი, რომელსაც ევროზონის კრედიტორები წინაპირობად ითხოვდნენ ქვეყნისგან მრავალმილიონიანი კრედიტის გამოსაყიფად.
კრედიტორები ბერძნული პარლამენტისგან ორშაბათ დილით ბრიუსელში მიღებული შეთანხმების რატიფიცირებას ითხოვდნენ.

კენჭისყრას თან ხანგრძლივი დებატები ახლდა პარლამენტში, ქუჩაში კი – საპროტესტო აქციები.
შეთანხმების წინააღმდეგ პარტია “სირიზის” რამდენიმე გავლენიანი დეპუტატი წავიდა, მათ შორის იანის ვარუფაკისი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის პოსტი დატოვა.

86 მილიარდ ევრო კრედიტს თხოულობენ ბერძნები, რომლის სანაცვლოდაც ხისტი ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროს ქვეყანამ, მათ შორის გადასახადების გაზრდა, საპენსიო რეფორმა და სხვა.

ციპრასმა, რომელსაც პარლამენტი უნდა დაერწმუნებინა ზომების ეფექტურობაში, რომ ბრიუსელის შეთანხმების რატიფიცირება მომხდარიყო, თქვა, რომ მას თვითონაც არ სჯერა ამ რეფორმების ეფექტურობის. თუმცა, “ამ ირაციონალური წინადადებების მიღება ბერძნული საბანკო კოლაფსის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება, რომლეიც სხვა ბევრ უბედურებას მოიტანს საბერძნეთში” – განაცხადა ციპრასმა.
“ბერძენი ხალხი საღ ჭკუაზეა და ხედავს განსხვავებას იმათ შორის, ვინც იბრძვის, თუნდაც არათანაბარ ომში და მათ შორის, ვინც იარაღს ყრის” – დაამატა მან.
საბერძნეთის პრემიერმა რამდენიმე თანაპარტიელის დარწმუნება ვერ შეძლო. პარლამენტის სპიკერმა ზოე კონსტანტოპულომ, მაგალითად, სხდომა დატოვა კენჭისყრამდე, შემდეგ კი მოვიდა და სიტყვა წარმოსთქვა “ევროპული დემოკრატიის ყველაზე ბნელ დღეზე”.
შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა ათენის ქუჩები გაავსეს, სახელმწიფო სამსახურების პროფკავშირებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და აფთიაქის მეპატრონეებმა გაფიცვა მოაწყვეს.
ღამე ერთ-ერთ ჯგუფთან პოლიციას შეტაკებაც მოუვიდა. 200 კაციანმა ჯგუფმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

რეფორმების პაკეტი, რომელიც საბერძნეთმა უნდა გაატაროს:
დამატებითი ღირებულების გადასახადის შეცვლა, საბაზისო 23% მზა პროდუქტებსა და რესტორნებში იმოქმედებს, 13% უმი კვების პროდუქტები, ელექტროენერგია, წყლის მომარაგება და სასტუმროებში ცხოვრება, 6% – წამლები და წიგნები,
30%-იანი შეღავათის გაუქმება საბერძნეთის კუნძულებისთვის,
მცირე მეწარმეებზე გადასახადის 26%-დან 29%-მდე გაზრდა,
ავტომანქანებზე, ბასეინებსა და იახტებზე გადასახადის გაზრდა,
პენსიაზე დროზე ადრე გასვლის პრაქტიკის გაუქმება 2022 წლიდან, ასევე საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა.

საბერძნეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა, რომ ამ რეფორმებს არ შეუძლიათ შედეგის მოტანა და ის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაზე დაკისრებულ კაბალურ მოთხოვნებს შეადარა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ციხეს ერთი ნაკლი მაინც აქვს, ვინაიდან მას მიშა აკლდა
შემდეგი სტატიადღეს ევროჯგუფი საბერძნეთის საკითხზე კონფერენციას გამართავს