სააპელაციო სასამართლომ საყდრისთან დაკავშირებით მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი შეუწყდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კულტურის სამინისტროს და ყველა იმ საჯარო უწყებას, რომელიც საჩივრის მონაწილეა, 21-დღიან ვადაში შეუძლია გაასაჩივროს.
მოსამართლეთა კოლეგიის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსაჩივრე მხარეებიდან მხოლოდ RMG Gold-ის წარმომადგენელი ესწრებოდა, კულტურის სამინისტროს, მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები კი, პროცესზე არ მივიდნენ. მოპასუხე მხარის “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლის ნინო გუჯარაიძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა უკანონო იყო.
“სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტრომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის დროს არ დაიცვა სამართლებრივი პროცედურები. კერძოდ, საკითხი არ იყო სრულფასოვნად შესწავლილი და ძეგლს ისე გაუუქმდა სტატუსი. ჩვენ დავეთანხმეთ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში და მივმართეთ თხოვნით, რომ ძეგლის სტატუსის შეწყვეტის კანონიერებაზე თავად ემსჯელა, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა და ეს დაავალა კულტურის სამინისტროს”, – განაცხადა ნინო გუჯარაიძემ.
იგი ვერ საუბრობს რას შეცვლის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანზე მიმდინარე სამუშაოების მიმართულებით.
“რას შეცვლის ეს არ ვიცით, ვინაიდან არ ვიცით რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე, რადგან კომპანია “არემჯი” იქ არ უშვებს შესაბამის უწყებებს. ჩვენთვის უცნობია არის თუ არა დარჩენილი ღირებული ნაწილები”, – განაცხადა ნინო გუჯარაიძემ.
დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ საყდრისის დაცვის კომიტეტის წვერებიც, რომლებიც მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას ტაშით შეხვდნენ. კომიტეტის წარმომადგენელმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სიმბოლურია და ზეგავლენას ვერ მოახდენს საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებაზე. მისი თქმით, საყდრისის დაცვის კომიტეტი ძალისხმევას მიმართავს პარლამენტისკენ, სადაც უახლოეს დღეებში იგეგმება საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა.
ნინო ბურჭულაძე დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ საყდრისთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნას.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა ვალს რომ იღებს ამაში პრობლემა არ არის, მთავარია სად დაიხარჯება ის,”
შემდეგი სტატიარა საერთოა პოლიტკოვსკაიასა და ნემცოვის მკვლელობებს შორის