“სააკაშვილის მიზანი უკრაინაში ფულის შოვნა და საქართველოში „მაიდნის“ გადმოტანაა”

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სააკაშვილის და „ნაცნიონალური მოძრაობის“ მიზანი საქართველოში უკრაინული „მაიდნის“ სცენარის გადმოტანაა.

ამის შესახებ მან გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, უკრიანაში ძალიან დიდი ფული იშოვონ, რასაც ისინი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ! და მეორე – სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მიზანია, უკრაინული „მაიდნის“ სცენარი საქართველოში გადმოიტანონ!“- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებითვე, ის ქართველები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, სააკაშვილის ზონდერები არიან.

„ის ქართველები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ძალიან მცირედი გამონაკლისის გარდა, სააკაშვილის ზონდერები არიან და ახლა იმისათვის ემზადებიან, რომ საქართველოში არეულობა მოაწყონ და სააკაშვილის დასაბრუნებლად პლაცდარმი შექმნან!“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის საქართველო-უკრაინის მომავალ ურთიერთობებს ნამდვილად ვეღარ ხედავს, რადგან საქართველოს მთავრობას იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც ნომერ პირველ კაცად სააკაშვილი ჰყავს გამოყვანილი, კარგი ურთიერთობა ვერ ექნება.

„ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – ქართულ სახელმწიფოს თავმოყვარეობა რომ გააჩნდეს, უკრაინასთან ლამის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე გაამწვავებდა საკითხს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ელჩმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიევში მიიწვია
შემდეგი სტატიაეგვიპტემ ისლამისტებს ავიადარტყმებით უპასუხა