,,საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობით საქართველოში შემოდის არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციები, არამედ ცოდნაც”

საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობის პროექტით საქართველოში შემოდის არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციები, არამედ ცოდნაც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც აღნიშნული ქარხნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.
როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, საქართველოში რომ არ არსებობდეს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი.
“დღეს ჩვენ ვიმყოფებით მაღალტექნოლოგიური კომპანიის მშენებლობის საწყის ეტაპზე, აღნიშნული პროექტით საქართველოში შემოდის არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციები, არამედ ცოდნაც. თვითონ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, რომელიც თავის მხრივ ახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და წილობრივი მონაწილეობით შედის მათში. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების მცირე ნაწილში, ასევე მონაწილეობს პროექტი “აწარმოე საქართველოში”, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა მიწის გადაცემა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მაღალი ტექნოლოგიების
შემოსვლას.
“მივესალმებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მივესალმებით მაღალი ტექნოლოგიების შემოსვლას ქვეყანაში. თვითონ კონტრაქტი, რომლითაც აღნიშნული ინვესტიცია იწყება, არის დაბალანსებული და მასში გათვალისწინებულია ყველა ის შესაძლო რისკი, რომელიც ამ კონტრაქტს შეიძლება ახლდეს. ვთვლით, რომ აღნიშნული სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, სარგებელს მოუტანს თვითონ კომპანიას და ასევე ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავიდეთ საერთაშორისო ასპარეზზე”, – აღნიშნა გამოსვლის დროს ეკონომიკის მინისტრმა.
საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობის დაწყებას დღეს საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და თავად ისრაელის იმ კომპანიის ხელმძღვანელობამ ჩაუყარეს, რომელიც საპარტნიორო ფონდთან ერთად პროექტს განახორციელებს.

banner
წინა სტატიაში,, ხელისუფლებას ნათელი წარმოდგენა არ აქვს, რა საარჩევნო რეფორმას ატარებს 2016 ან თუნდაც 2020 წლისათვის”
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი ჩერგოლეიშვილს – ფორმალური დიქტატორი სჯობს, თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი