“რქაწითელსა” და “კახურ მწვანეზე” 35 თეთრი, “საფერავზე” კი, 15 თეთრი სუბსიდია გაიცემა

“რთველი 2015”-ის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სუბსიდია გაიცემა 1 კგ “რქაწითელსა” და “კახურ მწვანეზე” 35 თეთრი და 1 კგ “საფერავზე” 15 თეთრი, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომელმაც 2015 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილთან ერთად ისაუბრა.
ოთარ დანელიამ არსებული სიტუაცია მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ექსპორტი გასაგები მიზეზების გამო შემცირებულია, რეგიონში ზოგადად არასტაბილური ვითარებაა, რაც ბაზრებზე ახდენს გავლენას. მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადაიხადა და ასევე პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ბიუჯეტი გადაიხედა.
“ჩვენ არ ვგეგმავდით რთველის სუბსიდირებას, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებთ რთველს. ყოველივე ეს განაპირობა არსებულმა მდგომარეობამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დარგს დახმარება, თუმცა არ შევდივართ ფასის ფორმირების ნაწილში”, – განაცხადა დანელიამ.
მან სახელმწიფოს მიერ გატარებულ ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა, კერძოდ, აგროდაზღვევაზე, იაფი აგროკრედიტის სისტემასა და სეტყვის საწინააღმედეგო დანადგარებზე. როგორც დანელიამ აღნიშნა აუცილებელია, რომ ყურძენი იყოს ხარისხიანი.
“იმ შემთხვევაში, თუ ჩაუბარებელი დარჩა ყურძენი, ვინაიდან ვიცით, რომ მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ შესაძლოა ჩაერიოს სახელმწიფო და ჩაიბაროს, რათა ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი”, – განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, წელს სუბსიდიას მიიღებენ არა ღვინის კომპანიები, არამედ მევენახეები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პრინციპის უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს, დაგვიანების გარეშე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
თავის მხრივ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ წელს რთველის სააკორდინაციო შტატები თელავსა და გურჯაანში განთავსდება და ოფიციალურად მუშაობას აგვისტოს ბოლოს შეუდგებიან. მისივე თქმით, იმუშავებს ინტერნეტსაიტი, სადაც დაინტერესებულ პირს შეეძლება ჯამური ინფორმაციის ნახვა. ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი რთველის შესახებ. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, წელს მოსავალი არის გაზრდილი და ხარისხობრივადაც კარგი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი სუპერთასის მატჩს, ესტონელ და რუმინელ კოლეგებთან ერთად დაესწრება
შემდეგი სტატიამაშველები ტობა-ვარჩხილზე გიორგი მუჩიაშვილს ეძებენ