რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის რკინიგზის გასუფთავების დაწყება რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის რკინიგზის გასუფთავების პროცესის დაწყებას რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მორიგი დადასტურებაა იმ ცინიკური დამოკიდებულებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციას დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოების მიმართ გააჩნია.
“ასეთი ქმედება არ არის პირველი და არც ბოლო იქნება. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის საოკუპაციო პოლიტიკას. ეს ხან როგორ ვლინდება და ხან – როგორ. ესეც მორიგი დადასტურებაა იმ ცინიკური დამოკიდებულებისა, რომელიც ამ სახელმწიფოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნების მიმართ აქვს. შეფასება ცალსახაა _ მუდმივად უკეთებენ გამოწვევას ყველას, ვინც არ ფიქრობს ისე, როგორც პრეზიდენტი პუტინი, ვისაც მსოფლიო არ წარმოუდგენია ისეთი, როგორც პრეზიდენტ პუტინს და ვისაც არ უნდა დაუშვას, რომ ეს სამყარო ისევ რკინის ფარდით იყოს გაყოფილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს.
აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას განცხადებით, სამხედროები ოჩამჩირიდან ენგურამდე ლიანდაგს ხავსისგან წმენდენ. დღესდღეობით რკინიგზის ეს მონაკვეთი დანგრეულია. მარღანია ვარაუდობს, რომ ლიანდაგის ასუფთავებენ, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს. ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელი ზურაბ ხაჯიმბა ასევე ადასტურებს, რომ სარკინიგზო გზა მისი კაპიტალური რემონტისთვის მომზადების მიზნით იწმინდება, რათა აფხაზეთზე სატრანზიტო მატარებელი აღდგეს. ამასთან, ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთში ეს სამხედროები მოულოდნელად გამოჩნდნენ. “ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა”, – აღნიშნა მან, თუმცა დასძინა, რომ აფაზურმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებაზე ნებართვა გასცა.
არაოფიციალური ინფორმაციით, რკინიგზის გასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა თავის ძვირადღირებულ საათზე ილაპარაკა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი რუსეთ-საქართველოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს