„რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები არა სამართლიანობის აღდგენის პროცესი”

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები არ არის სუფთად სამართლიანობის აღდგენის პროცესი.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებამ თავისი პოზიციები გაიმყაროს.

„რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები არ არის სუფთად სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებამ თავისი პოზიციები გაიმყაროს, ნურც რუსთავის 2-ს ექნება იმის პრეტენზია, რომ ეს არის დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზია. რუსთავი 2 არის ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტელევიზია, რომელიც ნამდვილად პროფესიონალურ დონეზე აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხშირად ძალიან სამართლიანადაც, მაგრამ ასეთი კრიტიკა არ გაგვიგია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაშინაც, როცა ის ხელისუფლებაში იყო და მას შემდეგაც, რაც ოპოზიციაშია“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე.

„ჩემი პოზიცია მოსამართლესთან დაკავშირებით, რომელმაც საკუთარ დედაზე განაცხადა, რომ ის მისი ოჯახის წევრი არ არის, უკვე დავაფიქსირე. მაგრამ სასამართლო პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, არ აქვს მნიშვნელობა მომწონს მე რომელიმე სიუჟეტი რუსთავი 2-სა, თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ვთვლი თუ არა, რომ რომელიმე ტელევიზია მიკერძოებულია, თუ არა. ეს პროცესი უნდა იყოს სამართლიანი, თუ გვინდა დემოკრატიაზე საუბარი“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგენლებმა, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ დანაშაულებებში, რაც ქვეყანაში ხდებოდა, თავისი წილი პასუხისმგებლობით უნდა უპასუხონ ამ ყველაფერს, თუმცა, ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ზუსტად ისევე უნდა მოექცეს მათ.

„“ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე წარმომადგენლების სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. „ქართულ ოცნებას“ რომ თავის დროზე დაეწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ყველა ის ადამიანი, რომელმაც შექმნა დამნაშავე სისტემა, დღეს იჯდებოდა განსასჯელის სკამზე და თითს ვეღარ დაგვიქნევდა ტელევიზიიდან, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გაახსენდათ მას შემდეგ, რაც რეალურად დაინახეს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არჩევნებს ვერ მოიგებენ. ეს რომ თავის დროზე გახსენებოდათ, მაშინ, როდესაც ამას ჩვენ ვითხოვდით და ჩვენთვის რევანშისტები არ ეძახათ, დღეს ქვეყანაში გაცილებით ჯანსაღი ვითარება იქნებოდა“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში,, ეს სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს, თუ ჩვენ გვინდა ვიფიქროთ მომავალზე”
შემდეგი სტატია,,დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს”