რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს მძიმე იარა დაუტოვა, რომლის მოშუშებაც შეუძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი სასაფლაოზე მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს მძიმე იარა დაუტოვა, რომლის მოშუშებაც შეუძლებელია.
“მართლაც ძალიან მძიმე და მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა აგვისტოს ომმა, ვინაიდან მივიღეთ უმძიმესი დანაკლისი, დავკარგეთ ჯარისკაცები, პოლიციელები, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც ომში გმირულად დაეცნენ. გვყავს ათასობით ახალი დევნილი, მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, აგრეთვე, აღიარება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის. რა თქმა უნდა, ეს არის მოუშუშებელი იარა. მე ქედს ვიხრი დაღუპულების სულების წინაშე, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა, რადგან მათი ოჯახის წევრების მიერ გაღებული მსხვერპლი არის უაღრესად დასაფასებელი”, – განაცადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. საქართველოს მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს ეს პროცესი შეაჩეროს.
“დღეს, რა თქმა უნდა, გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს ეს პროცესი შეაჩეროს. ასევე, ჩემთვის მთავარია ვიყოთ გარანტი მშვიდობის და სტაბილურობის. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა შემოვიერთოთ დაკარგული ტერიტორიები და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს ვიქნებით პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი ტერიტორია და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იცხოვროს აფხაზეთის და ოსების გარეშე”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაქართველი ხალხი არასდროს შეეგუება, იცხოვროს აფხაზებისა და ოსების გარეშე