„როცა მასპინძლობაზე განაცხადი გავაკეთეთ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი საქმე გვექნებოდა“

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საორგანიზაციო საკითხი იყო მოსაგვარებელი.

როგორც ხადურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში 15 ფინანსთა მინისტრი, 11 ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, EBRD-ის ხელმძღვანელობა ჩამოდის.

მინისტრის ინფორმაციით, ჯამში, საქართველოში 1 500-მდე ადამიანს ელოდებიან.

„ძალიან ბევრი ორგანიზაციული საკითხი იყო. მარტივ მაგალითს გეტყვით – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 მაღალი დონის სტუმარი 20 წუთის სხვაობით ჩამოდის. ეს უზარმაზარი პროტოკოლური სამუშაოა. მინდა გითხრათ კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც გუშინ მივიღე – „უნიკრედიტმა“, ერთ-ერთმა ცნობილმა ფინანსურმა ინსტიტუტმა იქირავა ჩარტერი და მთელი დელეგაციით ჩამოდის საქართველოში, რათა საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები გამართოს. ასე რომ, შესაძლებლობები ძალიან დიდია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განსაკუთრებით ბიზნესმენები, ისევე წარმატებით გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს, როგორი წარმატებითაც ჩვენ დავახვედრეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, – განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, გუნდმა, რომელიც საორგანიზაციო სამუშაოებს აწარმოებდა, შეუძლებელი შეძლო და 2 თვის განმავლობაში დღე და ღამე მუშაობდნენ იმისთვის, რომ შეექმნა ის, რაც დღეს სახეზეა.

„სიმართლე გითხრათ, 2 წლის წინ, როცა ჩვენ მასპინძლობაზე განაცხადი გავაკეთეთ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი საქმე შეიძლებოდა გვქონოდა და უამრავი საქმე მართლაც გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს, ბიზნესწრეების ყურადღების ცენტრში მოხვდეს“, – განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობას და მმართველთა საბჭოს, რომ საქართველო და მისი ფინანსთა მინისტრი ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე მეორედ, თავმჯდომარის მოადგილეა.

ნოდარ ხადურის თქმით, საორგანიზაციო სამუშაოებში ყველა უწყება მაქსიმალურადაა ჩართული და გაწეული სამუშაოების სერიოზულობა გამოჩნდება მაშინ, როცა ქვეყნის შესაძლებლობების წარდგენა მოხდება.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფორუმი რეალურად 12 მაისს დაიწყებს მუშაობას.

„მიუხედავად იმისა, რომ ფორუმი ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნება, ის რეალურად 12 მაისს დაიწყებს მუშაობას. სხვათაშორის, თქვენც შეხვდებით ბატონო პრემიერ-მინისტრო პრეზიდენტ ჩაკრაბატის და რამდენიმე ორმხრივი მოლაპარაკება იქნება“, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიმერიის გადაწყვეტილებით, ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება
შემდეგი სტატია„მე უნდა დავინახო, რომ ესა თუ ის მინისტრი მართლა უმრავლესობამ აირჩია“