მსოფლიო ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავები 35 წლის ბრაზილიელი რონალდინიო გაუჩო და 34 წლის კამერუნელი სამუელ ეტოო, რომელთაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში აქვთ გატარებული თავიანთი კარიერის საუკეთესო წლები და ერთად ,,ბარსელონაშიც,, თამაშობდნენ … მომავალი სეზონიდან თურქეთის საშუალო დონის გუნდში, ანტალიის ,,ანტალიასპორში,, იასპარეზებენ.
,,ანტალიასპორის,, პრეზიდენტის გულთეკინ გენჯერის განცხადებით, რონალდინიო და ეტოოსთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ისინი ხელმოსაწერად სტამბულში 6-7 ივლისს ჩამოვლენ. ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ კი ანტალიაში, მათი სურვილის შესაბამისად მომზადებულ ვილებში გადავლენ საცხოვრებლად.
თურქული მედიის ცნობით, რონალდინიოს და ეტოოს კონტრაქტების ფინანსური მხარე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპონსორები იმედოვნებენ, რომ დახარჯულ თანხას უკუგება ექნება და ეს ფეხბურთელები ანტალიის სტადიონებზე არამარტო ფეხბურთის გულშემატკივრებს, არამედ ტურისტებსაც მიიზიდავენ ამ საკურორტო ქალაქში არასაკურორტო სეზონის დროს.