“როიტერი” რიგის სამიტის შესაძლო შედეგებზე სტატიას აქვეყნებს

რიგის სამიტის შესაძლო შედეგებზე სტატიას ამჯერად “როიტერი” აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ვერც საქართველო და ვერც უკრაინა რიგის სამიტზე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ვერ მიიღებენ.
“როიტერის” ცნობით, როგორც რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტიდან გახდა ცნობილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მცირედს შესთავაზებს საქართველოს, ბელორუსს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას, რამდენადაც კრემლის მომავალი გამოწვევის შიშით, ევროკავშირმა საკუთარი ამბიციები შეასუსტა.
“მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გასულ წელს მოაწერეს ხელი და ევროკავშირის წევრობა სურთ. თუმცა, პროექტში არაფერია ნათქვამი მათი მისწრაფებების შესახებ. ნაცვლად ამისა, აღნიშნულია, რომ ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ვერ მიიღებენ, რისი იმედიც თბილისსა და კიევს ჰქონდათ. საქართველოსაც და უკრაინასაც რეფორმები სჭირდებათ, რათა იგივე უფლებით ისარგებლონ, რაც მოლდოვამ მიიღო”, – ნათქვამია “როიტერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, აპრილის ბოლოს “რადიო თავისუფლებამ” ასევე გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედი გაუცრუოს”. როგორც სტატიაში იყო აღნიშნული, აღმოსავლეთ პარტნიორიობის დეკლარაციის პროექტი, რომელის რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ძალიან ცოტა კარგ ამბავს მოიცავს.
“ეს სამი ქვეყანა, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, იმედოვნებდნენ, რომ რიგის სამიტზე ევროპა მათ მისწრაფებებს ერთ დღეს ბლოკში გაწევრიანების შესახებ აღიარებდა, თუმცა დოკუმენტში ძალიან მცირე მინიშნებაა იმისა, რომ ეს მოხდება”, – ნათქვამი იყო “რადიო თავისუფლების” სტატიაში.
თავის მხრივ, “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისას, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ ახლა მართებული არ იქნება რიგის სამიტის შედეგების შესახებ შეფასებების გაკეთება.
“რა თქმა უნდა, მომავალი რიგის სამიტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ ვმუშაობთ სამიტის დოკუმენტზე. ექვსი მონაწილე ქვეყნისა და ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერები რიგაში შეხვდებიან ერთმანეთს და მიიღებენ გადაწყვეტილებას ყველა ამ საკითხზე”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და პატივი ვცეთ მას“
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთავრობას და პარლამენტს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ