საკადრო ცვლილებებს გამოხმაურება და შეფასებები უკვე მოჰყვა პარლამენტიდან. განმარტებები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში გაკეთდა. მმართველი გუნდი პრემიერის გადაწყვეტილებას ენდობა და სრულად იზიარებს მას. თუმცა მათი განმარტებით, საკადრო გადაადგილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„კვირიკაშვილის წარუმატებლობა მე არ დამინახავს. თუ საუბარია, რომ ქვეყანაში პრობლემებია, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, არ მგონია ეს კვირიკაშვილისგან მომდინარეობდეს. ის უაღრესად დადებითი პიროვნებაა, შრომისმოყვარეა და ალბათ გაწვდება კიდეც,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
უმრავლესობა გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად მიესალმება დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურას.
„დიმიტრი ქუმსიშვილი კარგი მენეჯერი და კარგი ხელმძღვანელია. მან იცის სისტემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ წარუძღვება ამ სამინისტროს ძალიან წარმატებულად, მას ამის ყველა თვისება აქვს. ჩვენ ვენდობით პრემიერის გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, მას აქვს ნდობა იმისთვის, რომ ცვლილებები განახორციელოს მთავრობის გუნდის შიგნით,“ – განმარტა ეკა ბესელიამ.